იმერეთში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.

აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში დილიდან ხონის, წყალტუბოსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების, სკოლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ობიექტების დეზინფექცია მიმდინარეობს.

ხონში დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტის მერთან, ლადო ჯურხაძესთან ერთად პროცესს პირადად უწევდა მონიტორინგს.

“იმერეთის მასშტაბით, 12-ვე მუნიციპალიტეტში დილიდან ისევ მიმდინარეობს სადენზიფექციო სამუშაოები. პირადად მაქვს კონტროლი ყველა სამუშაოებზე, რაც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე რისკის დონე არ იქნება მინიმუმადე დაყვანილი”, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

მუნიციპალიტეტის მერის თქმით, შესაბამისი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

“როგორც ცნობილია, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა თათბირი და შესაბამისი დავალებების შესრულება დაუყონებლივ დავიწყეთ. გუშინ შევიძინეთ შესაბამისი აპარატურა და დილიდან ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადენზიფექციო სამუშაოები დავიწყეთ. პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება”, – განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ.

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ) ხელმძღვანელები შედიან.

გუბერნატორები კი, თავის მხრივ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში სრულ ინფორმაციას აწვდიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პრემიერმინისტრის მრჩეველს რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში, სოზარ სუბარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები