“დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს ყოველთვის აქვთ სურვილი, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები წარმოაჩინონ, როგორც პოლიტიკური საქმეები და შემდეგ ეს თავიანთი შავბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ” – გორდულაძე
“დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს თუ მათ მიერ მართულ ადამიანებს ყოველთვის აქვთ სურვილი, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები წარმოაჩინონ, როგორც პოლიტიკური საქმეები და შემდეგ ეს თავიანთი შავბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ, რასაც, მათ შორის, ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერზე ხელმომწერი აგენტურის წარმომადგენლები”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ BBC-ის ფილმი სრული დეზინფორმაციითაა აღსავსე და მხოლოდ საქართველოზე თავდასხმის ერთ-ერთ საფუძვლად იყო გამოყენებული.
„ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ასეთი ამბავი ატეხეს, თუმცა საბოლოო ჯამში, საქმე ისევ იმად დარჩა, რაც იყო – ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე. ყველა იტყუებოდა და ცრუობდა, როდესაც ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა, მათ შორის BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავადსახსენებელ ფილმში, სადაც ბაჩიაშვილის სახელსა და გვარს ლაიტმოტივად გასდევდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. ეს ხაზს უსვამს, რომ BBC-ის ფილმი სრული დეზინფორმაციითაა აღსავსე და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის ერთ-ერთ საფუძვლად იყო გამოყენებული“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა – საპროცესო შეთანხმების საფუძველზე – პენიტენციური დაწესებულება გუშინ დატოვა.