“კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში კლებისკენ მიდის, თუმცა საყურადღებოა ის, რომ დასენიანებულ სხვა ქვეყანათა რაოდენობა იზრდება”

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელების გლობალური მონაცემები მიმოიხილა.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში კლებისკენ მიდის, თუმცა საყურადღებოა ის, რომ ჩინეთს გარეთ დასენიანებულ ქვეყანათა რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება.

“გლობალურად, სიტუაცია ჩინეთში დამშვიდებისკენ, კლებისკენ მიდის. დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩინეთში ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ყველაზე ცოტა ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული – 202. სულ, ჩინეთში არის 80 000 შემთხვევა დაფიქსირებული და ამავე დროს, 44 000 გამოჯანმრთელების ფაქტი ფიქსირდება. სამწუხაროდ, 2 900 სიკვდილის შემთხვევაა ჩინეთში.

გლობალურად, ჩვენ, დილის მონაცემები არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ევროპის გუშინდელი საღამოს მონაცემები, რომლის მიხედვითაც ზოგადად, მსოფლიოში, არის 87 000 შემთხვევა დაფიქსირებული. ზოგადად, ჩინეთი დღეს წარმოადგენს 91 პროცენტს მთლიანად დაზიანების. ასევე, საყურადღებოა ის, რომ სწრაფი ტემპით იზრდება ჩინეთს გარეთ დასენიანებულ ქვეყანათა რაოდენობა. დღევანდელი რიცხვით, ეს გახლავთ 65. ყველაზე მეტი შემთხვევა გახლავთ სამხრეთ კორეაში, სადაც 3000-ს გადააჭარბა, შემდეგ იტალია, ირანი, იაპონია და უკვე სხვა ქვეყნები. ამიტომ, ყურადღება მეტი ჩინეთს გარეთაა გადატანილი. ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს დღევანდელ მდგომარეობას, როგორც პანდემიური მზადყოფნის ფაზას, რამეთუ, ინფექციამ მოიცვა უკვე ყველა კონტინენტი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები