რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ლტოლვილებისთვის ევროკავშირის საზღვრებს აღარ ჩაკეტავს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა სირიელი ლტოლვილებისთვის ევროკავშირის საზღვრების ჩაკეტვას აღარ აპირებს.

ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში გამოსვლის დროს განაცხადა.

„რეკავენ და მეუბნებიან: ჩაკეტეთ საზღვრები. მე ვუთხარი: გვიანია. ლტოლვილებზე ტვირთის პასუხისმგებლობა დასავლეთმაც უნდა აიღოს. დღეს, ბულგარეთის პრეზიდენტს შევხვდებით, ხვალ გერმანიის კანცლერთან გაიმართება საუბარი. დღის წესრიგში არის თემა, რომელიც სირიის საკითხზე 4-5 მარტს სამიტის ჩატარებას უკავშირდება“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

თურქეთმა ლტოლვილებისთვის საზღვრები, იდლიბში ვითარების ესკალაციის შემდეგ გახსნა, რის შედეგად, ევროკავშირის საზღვრებს ათასობით მიგრანტი მიუახლოვდა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, საბერძნეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის 20 ათასამდე შემთხვევა აღიკვეთა, მობილიზებულია საბერძნეთის საჯარისო ქვედანაყოფები.

1-ელ მარტს, თურქეთის შს მინისტრმა, სილეიმან სოილუმ განაცხადა, რომ საბერძნეთის საზღვარი უკვე 78 358 მიგრანტმა გადაკვეთა, რასაც საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს, რომ თურქეთის ძალოვანი მინისტრი დეზინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საბერძნეთში ჩავა და თურქეთის საზღვარს მოინახულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები