კორონავირუსი საქართველოში – რა ელის ქვეყნის ეკონომიკას, როგორია რისკები და მოსალოდნელი შედეგები
კორონავირუსი საქართველოშია, რა გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე, როგორია რისკები და მოსალოდნელი შედეგები, – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაიამ ისაუბრა.
როგორც ჭარაიამ განაცხადა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე პირდაპირ ახდენს გავლენას. შესაბამისად, ინვესტიციების, ტურიზმის, თუნდაც ვაჭრობის კუთხით არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც მთელი რიგი სირთულეებია მოსალოდნელი.
„კორონავირუსი ნამდვილად არის მსოფლიოს თავსატკივარი. მთელს მსოფლიოს მოედო, ყველაზე ნაკლებად ჯერჯერობით აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული. ამ ვირუსის დასასრულზე საუბარი ნაადრევია, ამიტომ, მთელი რიგი ეკონომიკური საკითხებია უკვე წამოჭრილი. მათ შორის, ჩინეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, თუმცა, ჩინეთის ეკონომიკას გააჩნია იმის რესურსი, რომ ამ ვირუსთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების შემდგომ სწრაფად აღიდგინოს ძალები, რისი შესაძლებლობა, შესაძლოა, სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ. დარგები, სადაც ვირუსი შექმნის ყველაზე მეტ პრობლემას – პირველ რიგში, ესაა ტურიზმი. მოგეხსენებათ, ბოლო დაახლოებით 10-15 წელია არნახული ტემპებით იზრდებოდა ტურიზმი მსოფლიოში. კურონავირუსმა უკვე გარკვეული რისკები შექმნა ზრდის მომდევნო განვითარებისთვის. ვირუსის საკითხი სულ მალეც რომ მოგვარებულ იქნას, მეეჭვება ტურიზმმა ერთბაშად შეძლოს იმ პრობლემების გადალახვა, რომელიც თუნდაც საერთაშორისო ვიზიტორების ფსიქოლოგიაში დაილექება, რომ მოგზაურობა გარკვეულ რისკებთანაა ასოცირებული.
არა მხოლოდ საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე დაეცა კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულება, არამედ ზოგადადაც ვხედავთ, რომ კომპანიებს უჭირთ ოპერირება. როცა ფასიანი ქაღალდები ეცემა ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკაში გარკვეული უარყოფითი მოვლენებია. ყველაზე მეტად აღასანიშნავია, რომ ავიაკომპანიების, ფასიანი ქაღალდების ღირებულებაა შემცირებული.
საშუალოდ 5-8-10 პროცენტითაა შემცირებული წამყვანი მსოფლიო ავიაკომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულება. მთელმა რიგმა ავიაკომპანიებმა შეწყვიტეს, ან შეზღუდეს ჩინეთის მიმართულებით ფრენები. ირანი, იტალია იგივე კატეგორიაშია ავიაკომპანიებისთვის.
მსოფლიო მიმოხილვა ნავთობის ფასებით რომ დავასრულოთ: ნავთობის ფასების კლება ერთი შეხედვით შეილება საქართველოსთვის პოზიტიურ მოვლენად მივიჩნიოთ იმიტომ,რ ომ ჩვენ ნავთობპროდუქტების მომხარებელები , ცალსახად იმპორტიორები ვართ. ძირითადად, იმორტზე დამოკიდებულები ვართ როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ნავთობპროდუქტების კუთხით. შესაბამისად, ამ პროდუქტებზე ფასის გაიაფება ასახვას ჰპოვებს საქართველოშიც. თუნდაც იგივე სატრანსპორტო, ლოჯისტიკის, დისტრიბუციის კუთხით და ა.შ. თუმცა, ეს ცალსახად იმას არ ნიშნავს, რომ თუ ნავთობპროდუქტებზე ფასები დაეცემა, მაღაზიაში სურსათზე ფასები გაიაფდება. თუმცა, უფრო მეტი რესურსი დარჩება ქვეყანაში და არ გავა იმპორტირებული პროდუქციის შესაძენად.
ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ჩვენს სამეზობლო , მაგალითად აზერბაიჯანი და ჩვენი სხვა მნიშვნელოვანი საინვესტიციო პარტნიროი ქვეყნები რომ ავიღოთ, არაბეთის გაერთიანებული საემიროები იქნება ეს , თუ კიდევ სხვა, ისინი დიდად არიან დამოკიდებული ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან მიღებულ შემოსავლებზე. თუ მათთან შემოსავლებმა იკლო, შესაბამისად, დიდი ალბათობით, საქართველოშიც იკლებს ინვესტიციების მოცულობა.
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, საქართევლოზე პირდაპირ ახდენს გავლენას, შესაბამისად ინვესტიციების, ტურიზმის, თუნდაც ვაჭრობის კუთხით მოსალოდნელია არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც მთელი რიგი სირთულეები“, – განაცხადა ჭარაიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ნაადრევია იმის თქმა, იქონიებს, თუ არა კორონავირუსი ლარის კურსზე გავლენას.
„ცალსახად ამის თქმა ძალიან რთულია. ამის დეტალური მონაცემები და ადამიანთა ქცევის წინასწარ განჭვრეტა ცოტა რთულია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ვირუსის პირდაპირ დაკავშირება ლარის ან გამყარებასთან, ან მის გაუფასურებასთან, ამ ეტაპზე ნაადრევია“, – განაცხადა ჭარაიამ.
თამუნა შეყილაძე