“თბილისის მიკროავტობუსი” სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს
კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი”, თბილისის მერიის დავალებით, ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით დამატებით უსაფრთხოების ზომების გატარებას იწყებს.
როგორც “კვირას” კომპანიიდან აცნობეს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის რამდენიმე ფაქტი, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომების გატარებას გეგმავს და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს.
„დღის განმავლობაში სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება უწევს 300 000-ზე მეტ მომხმარებელს, ამიტომ მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები და გადაადგილდნენ დეზინფექცირებული ტრანსპორტით. კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან, რომ მოხდეს დაუყოვნებლივ სატრანსპორტო საშუალებების დასასუფთავებლად საჭირო ხსნარების მარაგების შევსება. „თბილისის მიკროავტობუსის“ ტექნიკური დეპარტამენტის მიერ მიკროავტობუსები დეზინფექციის აუცილებელ პროცედურას უახლოეს პერიოდში დაიწყებს ისე, რომ არ მოხდეს მგზავრთა გადაყვანის შეფერხება“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.