სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება
“იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება”,-ამის შესახებ პრემიერის ხელმძღვანელობით კორონა ვირუსთან დაკავშირებით, მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება.
სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები.
დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს.
საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია.