“თავის მართლების რეჟიმშია ქალბატონი ელენე” – შეხვედრა დეპუტატსა და იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც “ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციებს მართავდნენ, უშედეგოდ დასრულდა

ახალგაზრდები, რომლებიც “ევროპული საქართველოს” ოფისთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ მე-10 დღეს, პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატ ელენე ხოშტარიას შეხვდნენ.

როგორც დეპუტატმა შეხვედრისას აღნიშნა, ის კიდევ არ მიიჩნევს საჭიროდ, ბოდიში მოიხადოს და მანდატი დატოვოს იმისათვის, რომ მან და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

“იმ სხდომით თქვენ შეურაცხყოფილი არ იყავით? რომელსაც მე დავარქვი საბჭოთა სხდომა. მე არ მივიჩნევ, რომ ბოდიში მაქვს მოსახდელი. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამ საბჭოთა შინაარსს პარლამენტში. თქვენ გგონიათ მე ჩამოწერილი მაქვს როდის, რა, როგორ უნდა გავაპროტესტო? მე რომ მეფიქრა, რომ ეს საქციელი იქნებოდა ცუდი არ ვიზამდი, მაგრამ ეს იყო გააზრებული პროტესტი”, – მიმართა ელენე ხოშტარიამ აქტივისტებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტივისტებმა მედიის წარმომადგენლებთან გააკეთეს განცხადება. მათი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატი თავის მართლების რეჟიმში იყო და შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს.

“თავის მართლების რეჟიმშია ქალბატონი ელენე ხოშტარია. მიზანს მივაღწიეთ, რომ ხალხს ვაჩვენებთ როგორ რეაგირებს ხოშტარია ამ საკითხზე. ველოდით, რომ კონსესუსამდე მივიდოდით მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა. თუ საჭირო გახდება ჩვენ სახელმწიფოსგანაც მოვითხოვთ, რომ ამ ფაქტზე რეაგირება იყოს და შემდგომ თუ არ იქნება რეაქცია კვლავ იქნება აქცია”, – აცხადებენ აქტივისტები.

როგორც აქტივისტებმა განაცხადეს, დღევანდელი შეხვედრა ოპოზიციონერ დეპუტატთან უშედეგოდ დასრულდა.
მათივე განმარტებით, მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, მოილაპარაკებენ და სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიასთან შეხვედრა გუშინ გამართულ აქციაზე დაიგეგმა. ახალგაზრდები უკვე მეათე დღეა მოითხოვენ, რომ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო მანდატები დატოვონ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები