რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის განხორციელება იწყება

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის პრეზენტაციაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი სიტყვით გამოვიდა.

„რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტი ცენტრალური ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის წარმატებული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია. ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა ჭალის ტყის აღდგენის პროექტი, მის განსახორციელებლად კი, გარემოსდაცვითი ფონდიდან 900 ათასი ლარი გამოიყო. მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ჭალის ტყის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა მოეწყობა და უნიკალური ეკოსისტემა აღდგება“, – განაცხადა თანდილაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანება ქალაქის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, რუსთავის და გარდაბნის ათი თემის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ლევან ხარაბაძემ გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, კახა კაკაბაძე და სოლომონ პავლიაშვილი.

„რუსთავის ჭალის ტყის პროექტი პირველი პროექტია, რომელიც გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული ფონდი რამდენიმე წლის წინ შევქმენით და მიზნად ისახავს გარემოსთვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ გადახდილი თანხებით ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესში რიგითი მოქალაქეებიც იყვნენ ჩართულები.

„ბუნებრივი ჭალის ტყე ჩვენი ქალაქის სიმდიდრე და უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური რესურსია. ამიტომ, მის აღდგენა-განვითარებაში თითოეული ჩვენგანი უნდა ჩაერთოს“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

ამ ეტაპზე რუსთავის ჭალის ტყის ტერიტორიაზე 900-მდე ახალი ნერგია დარგული. ჭალის ტყის განვითარების გეგემა 320 ჰა ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, 20 000 ენდემური მცენარე – მუხა, თელა და ფშატი დაირგვება; მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და საინფორმაციო სივრცეები; დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ფოტოხაფანგები; გაკეთდება წყლის გამწმენდი ბარიერები მდინარე მტკვრის მყარი ნარჩენებისგან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

რუსთავის ჭალის ტყის განვითარების დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ პროექტის – „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში შეიმუშავა. რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანება გარემოსდაცვითი ფონდიდან ფინანსდება.

რუსთავის ჭალის ტყეები ქალაქის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეს მოიცავს, რომელსაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები