დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კერძო ლაბორატორიებს მიმართავს, რომლებიც მოსახლეობას ბინაზე მისვლით ტესტის გაკეთებას სთავაზობენ, ხალხს შეცდომაში ნუ შეიყვანენ.
„კორონა ვირუსის ტესტი დამყარებულია ე.წ პისიარ ტექნოლოგიაზე და შესაძლებელია, რომ სხვა ლაბორატორიებმაც გააკეთონ, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პირობები ამისთვის, უნდა მიყვებოდნენ საერთაშორისო გაიდლაინებს და რეკომენდაციებს, როდის და რანაირად უნდა გაკეთდეს ტესტი. დაუშვებელია ის ფაქტი, რომ კერძო ლაბორატორიები ბინაზე მისვლით მოსახლეობას ახალ კორონა ვირუსის ტესტის გაკეთებას სთავაზობენ. მოვუწოდებ ამ ლაბორატორიებს, ნუ ისარგებლებთ ამ მდგომარეობით და გარკვეული თანხების მიღების მიზნით, მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში. ნუ დაიწყებთ ასიმპტომური ადამიანების სახლებში სინჯის აღებას. ჯერ ერთი, ვინც ჩვენთან სინჯს იღებს, იმ ადამიანებს აქვთ რამდენიმე კვირიანი ტრენინგი ჩატარებული, როგორი პროტექტიული საშუალებები უნდა გეცვას, როცა სინჯს იღებ, როგორ მუშაობ ადამიანთან, რა ტიპის სინჯარაში უნდა აიღო სინჯი, რამდენ ხანში უნდა მიიტანო. ამას მთელი სტანდარტული ოპერაციული პროცედურა აქვს გაწერილი. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ლაბორატორიას, რომელსაც ამ ტიპის გამოცდილება არ აქვს, ხალხს ნუ შეიყვანთ შეცდომაში და თქვენი პირადი მერკანტილური ინტერესების გამო თავს ნუ შევირცხვენთ. ეს არის დაუშვებელი, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი საფრთხე, აქ პირველ რიგში წამყვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ეს არ არის ე.წ. გრიპის კვლევის ტესტები, რომლებიც შეიძლება კომერციული მიზნებისთვის გამოიყენოთ. ეს არის პანდემიის და ეპიდემიის საფრთხე. აქ წამყვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ლაბორატორიები, სადაც ამის დიდი გამოცდილებაა. ჩვენი ლაბორატორია არის აკრედიტირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ამიტომ იქ გაცემული ნებისმიერი პასუხი არის საერთაშორისო სტანდარტის, არ ჩამოუვარდება არც ერთ სხვა ქვეყანას“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.