„გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია“ – კორონავირუსი ყველაზე მეტად პანიკის დროს ვრცელდება, პირბადეებზე დეფიციტი არ ნიშნავს, რომ ხალხი დაიხოცება

კორონავირუსი ყველაზე მეტად პანიკის დროს ვრცელდება, ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის“ (სადაც ასევე შესაძლებელია კორონავირუსის ტესტირება) დამფუძნებლმა და მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიაში” ამ ეტაპზე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

„ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, რასაც მთელი მსოფლიოს გარშემო იძლევიან პროფესიონალები, არის პანიკის თავიდან არიდება. ეს ვირუსი ყველაზე მეტად ვრცელდება პანიკის დროს. აქ არაფერი, სასწაულებრივი გავრცელების მექნიზმი არ არის. პანიკის დროს ადამიანები იწყებენ უკონტროლო სირბილს მაღაზიებში, აფთიაქებში და ა.შ, რაც იწვევს ბუნებრივი თავშეყარის ადგილების გაჩენას, ზედაპირებზე შეხებას. თუ ვინმეა ვირუსის მატარებელი, ამ ვირუსის გავრცელება მოხდება ამავე ცენტრებში. ეს რომ არ მოხდეს, არ არის საჭირო სირბილი მაღაზიებში, აფთიაქებში, ძალიან მარტივი, პირადი ჰიგიენის წესების დაცვით შევძლებთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ გავრცელების არეალი“, – განაცხადა ჩალაძემ.

მისივე თქმით, პირბადეებზე დეფიციტი არ ნიშნავს, რომ ხალხი დაიხოცება. როგორც გიორგი ჩალაძემ განაცხადა, ჰიგიენის დაცვა პირბადის გარეშეც შეგვიძლია.
„შემდეგი თემაა პანდემიასა და ეპიდემიას შორის განსხვავება, რაც ადამიანებს არ ესმით და არც უნდა ესმოდეთ. ეს არ არის გასაკვირი, პროფესიული ტერმინებია. ერთი ნიშნავს გავრცელების არეალის გაზრდას, მეორე ნიშნავს გავრცელების ინტენსიობას. მსოფლიო პანდემიად გამოცხადება ნიშნავს ვირუსის გავრცელების ფართე არეალს. ტერმინები – მომაკვდინებელი, დამღუპველი და გადამშენებელი ვირუსი არასწორია, ეს ვირუსი არ ხასიათდება უფრო მეტი სიმწვავით, ვიდრე სხვა რომელიმე ვირუსი. თუნდაც უკვე კარგად ცნობილი და გავლილი ქათმის, ან ღორის გრიპი. ამ ვირუსის განმასხვავებელი ნიშანია მისი გავრცელების სიჩქარე. ეს სიჩქარე გამოწვეულია იმით, რომ ვირუსის გავრცელების სწორი პერიოდი დაემთხვა. სწორი პერიოდი ნიშნავს მოგზაურობის ბევრ სხვადასხვა მიზეზს. ადამიანები დაწყებული რელიგიური მიზნებით, დამთავრებული ტურისტული სეზონით ხშირად მოგზურობენ ამ პერიოდში და ამის გადაცემა ხდება ძალიან ადვილად ერთიდან მეორე ადამიანზე.
როგორ უნდა დავიცვათ თავი – ძალიან კარგი რეკომენდაციები აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომლის ქართული ვერსიაც არის უკვე, საქართველოს მთავრობის ვერბგვერდზე ვრცელდება, ძალიან კარგად, მაღალ დონეზეა შეასრულებული. ყველას მოვუწოდებ ზედმიწევნით კარგად დაიცვან წესები.
პირბადეებზე დეფიციტი არ ნიშნავს,რომ ხალხი დაიხოცება. პირბადის გარეშეც შეგვიძლია ჰიგიენის დაცვა. ნუ გადავკოცნით ერთმანეთს. ერთი მეტრი მაინც შევინარჩუნოთ მანძილი. დისტანციურად მივესალმოთ, მოვესიყვარულოთ ერთმანეთს, ახლოს ნუ მივალთ, ხელები დავიბანოთ. პირადი ჰიგიენის მაღალ დონეზე წარმოება გამოიწვევს ვირუსის თავიდან არიდებს“, – განაცხადა ჩალაძემ.

მისი თქმით, ის, რომ კორონავირუსის შემთხვევის იდენტიფიცირება მოხდა, ნიშნავს იმას, რომ სკრინინგულმა სისტემამ კარგად იმუშავა.

„დავიწყოთ მადლობის გადახდით იმ ადამიანების მიმართ, ვინც საათების, დღეების, 24 საათის განმავლობაში იმუშავეს იმისათვის, რომ ამ შემთხვევის იდენტიფიცირება სწორად მომხდარიყო. ეს ხალხი, ჩვენი კოლეგები, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, სახელმწიფოს მიერ შექნილი საკოორდინაციო საბჭო ძალიან ეფექტიანად მუშაობდა. შედეგი საახეზეა. საქართველოში შემოვიდა თუ არა ადამიანი, რომელსაც ეს ვირუსი ჰქონდა, მომენტალურად იქნა აღმოჩენილი და მაქსიმალური ზომები იყო გამოყენებული იმისათვის, რომ შემდეგი გავრცელება თავიდან ავიცილოთ. ამისათვის მადლობა მათ. ეს ადამიანები თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან საზოგადოებრივ ჯანდაცვას და ჩვენს კეთილდღეობას. ეს არ არის ადვილი. მოითხოვს ძალიან დიდი შრომას, რომელიც არ ჩანს.
რაც შეეხება „გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიას“, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო ორგანიზაცია, არ ვაკეთებთ უფასო ტესტებს. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ვართ კერძო კომპანია, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ქვეყანას, ხელისუფლებას დავუდგებით გვერდში. მათთან კომუნიკაცია გვქონდა იანვრის ბოლოს. ჩვენგან სრული მხარდაჭერა გამოხატულია. მზად ვართ, დავეხმაროთ ტესტირებაში, ასევე ჩვენი ტექნიკური საშუალებებით ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში.

დღეისთვის „გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში“ არ არის დადასტურებული არცერთი შემთხვევა. თუმცა, ჩემი მოლოდინი, გუშინ რაზეც ატყდა აჟიოტაჟი, ბევრად მალე შესრულდა, ვიდრე ველოდით. ეს ნიშნავს იმას, რომ სკრინინგულმა სისტემამ კარგად იმუშავა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგი შემთხვევები არ დაფიქსირდება. დიახ, შემდეგი შემთხვევები დაფიქსირდება, მაგრამ, პირველი ხარისხის კონტროლი გაიარა ამ სისტემამ.
როგორ მუშაობს ლუგარის ლაბორატორია, რა ტესტები არსებობს მსოფლიოში და რა გვაქვს ჩვენ: მსოფლიოში არსებობს რამდენიმე პროტოკოლი. ჩვენთან, „გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში“ არის რამდენიმე ტესტი, პროტოკოლი, ხვალ-ზეგ ველოდებით ახალ ტესტს და მომავალი კვირიდან ჩვენს ამერიკელ პარტიორებთან ერთად შეიქმნება კიდევ ერთი ტესტი, რომელიც არა მხოლოდ კორონავირუსზე, არამედ სხვა არსებულ რამდენიმე ინფექციურ დაავადებაზე ჩაატარებს ტესტს. ამით ჩვენ მოვიგებთ ბევრ დროს. დღეს თუ კეთდება ერთი ტესტი მხოლოდ კორონავირუსზე, შემდეგ მეორე ტესტი სხვა რესპირატორულ დაავადებებზე, ეს ახალი ტესტი, რომელიც მომავალი კვირის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი, ჩაატარებს ყველა ამ ინფექციურ დაავადებებზე ერთ ტესტს.
არ არის საჭირო ლაბორატორიაში, საავადმყოფოებში სირბილი. თუ რაიმე ეჭვი გაქვთ, თუ იმოგზაურეთ და გინდათ, აღმოაჩინოთ გაქვთ, თუ არა ეს ვირუსი, დაგვირეკეთ ჩვენც, ინფექციურ საავადმყოფოს, ლუგარს განსაკუთრებით კარგი ცხელი ხაზი აქვს, უთხარით რომ გაწუხებთ ესა და ეს სიმპტომი, დაელოდეთ სასწრაფოს მანქანას, ან ჩვენს სპეციალურ ჯგუფს, რომელიც თქვენს სახლში მოვა და ადგილზე ჩაატარებს ამ ტესტს, აიღებს ნიმუშს და გადაიტანს ლაბორატორიაში. ჩვენს ტესტს აქვს საშუალება, ვიდრე სიმპტომები გამოვლინდება მანამდე ვთქვათ, არის თუ არა კონკრეტული ადამიანი ვირუსის მატარებელი“, – განაცხადა ჩალაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები