დავით საგანელიძემ ეკონომიკურ კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2020“ მონაწილეობა მიიღო
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ეკონომიკურ კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2020″ მონაწილეობა მიიღო.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის, „THE ECONOMIST“-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს“ ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა.
ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი დაესწრო, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.
კონფერენციის ფარგლებში,პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ასევე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.
ღონისძიების მიზანია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების გლობალურ კონტექსტში განხილვა ეკონომიკის სფეროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით. კონფერენციის მთავარი თემები იყო საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება, საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები და ა.შ.