ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2020 წლის 23-25 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში, ზურაბ აბაშიძე ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვია.

24 თებერვალს ელჩმა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩინგიზ აიდარბეკოვთან გამართა შეხვედრა. საუბრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტიური პოლიტიკური დიალოგი აღნიშნეს. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის განმტკიცების მნიშვნელობას. საქართველოსა და ყირგიზეთს შორის 2019 წელს დაფიქსირებული სავაჭრო ბრუნვის ზრდა დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის სოლიდური პოტენციალი არსებობს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა 2020 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ერთობლივი ღონისძიებების გეგმა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების საკითხს. გარდა ამისა, განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მიმდინარე პროცესები. ხაზი გაესვა რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას. ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები