ნათია თურნავა: ფრენების შეზღუდვა, დამაზიანებელია ეკონომიკისთვის, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული იყოს
ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამიტომაც წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც არის პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მექანიზმებზე საუბრისას განაცხადა.
“ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამიტომაც წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც არის პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერება. რა თქმა უნდა ეს ზომები არის დამაზიანებელი ეკონომიკისთვის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტურიზმი დგება დარტყმის ქვეშ”, – ამბობს ნათია თურნავა.
მინისტრი აღნიშნავს, რომ მთავრობა დააკვირდება რამდენ ხანს გაგრძელდება “ეს გამოწვევა” და გარკვეულ ანტიკრიზისულ ზომებზე იფიქრებს.
ამასთან, როგორც თურნავამ განაცხადა შეზღუდვების გამო, სახელმწიფო თვეში დაახლოებით 30 მილიონი ლარით ზარალდება.
“დავითვალეთ და თვეში დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. ეს ეხება მხოლოდ ამ ორ მიმართულებას. ზოგადადაც, სხვა ქვეყნებიდანაც შეიკავებენ ადამიანები თავს მოგზაურობისგან და ამას ექნება თავისი ნეგატიური ზეგავლენა. ნება მიბოძეთ გამოვთქვა იმედი, რომ ეს ფაქტორი დიდხანს არ გაგრძელდება. ამ ვირუსს აქვს თავისი თვისებები და დათბობასთან ერთად, გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის”, – განაცხადა თურნავამ.