პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტში” მეჩაიეობის სპეციალობის სატრენინგო პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა

გაეროს განვითარების პროგრამის “საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროექტი “სოფლის მეურნეობის პროფესიული განათლების მხარდაჭერა გურიის რეგიონში“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში მოქმედი 16 ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს 21 თანამშრომელი გადამზადდა ჩაის წარმოების ტექნოლოგიებში. მათ მიიღეს გამოცდილება ჩაის ნედლეულის მოვლა-მოყვანის საკითხებში, ჩაის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებში, ჩაის დეგუსტაციის და ჩაის წარმოების ეკონომიკურ საფუძვლებში. სასწავლო პროგრამა ჩატარდა ადგილობრივი მაღალკვალიფიციური ტრენერების მონაწილეობით. თეორიულ სწავლებასთან ერთად ტარდებოდა პრაქტიკული მეცადინეობები.

როგორც საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნა, მსგავსი პროექტები მნიშვენლოვანია, რადგან გურიისთვის ჩაის კულტურა ტრადიციაა.
„კოლეჯ „ჰორიზონტში“ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ ამ კოლეჯის ბაზაზე გადამზადდა ფერმერები, ის ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, ჩაის მიმართულებით განავითარონ თავიანთი ბიზნესი. გურიისთვის ჩაის კულტურა, ტრადიციული კულტურაა, სამწუხაროდ წლების განმავლობაში დაიკარგა ამ მიმართულებით სპეციალისტები ამ დარგში. დღეს ამ კოლეჯის ბაზაზე მოხდა ამ ტრადიციების აღდგენა, პირველი ნაკადი გამოვუშვით, 20-ზე მეტ ადამიანს გადავეცით სერთიფიკატები, ეს იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ჩაის დიდების დაბრუნებისთვის იზრუნებენ“,- ამბობს „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში გიორგი ხანიშვილი,
შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, ლუიზა ვინტონიც ესწრებოდა, რომელიც აღნიშნული პროგრამით კმაყოფილებას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ქართული ჩაი ექსპორტზეც გავა.
„მოხარული ვარ, რომ ოზურგეთში ვიმყოფები, ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი ამ ქალაქში. პირველად ჩაის ფესტივალზე ვიყავი, და აღფრთოვანებული ვარ ამ ფესტივალით. ძალიან ვამაყობ, რომ სოფლის მეურნეობის და განათლების სამინისტროსთან პარტნიორობით, კოლეჯ „ჰორიზონტთან“ ერთად, ჩვენ შევძელით, განგვეხორციელებინა ეს პროგრამა. ფაქტია, რომ წარსულთან შედარებით, როცა საქართველო ჩაის წარმოებით განთქმული იყო, ძალიან ცოტა ჩაი იწარმოება. ფაქტობრივად, ექსპორტი არ არსებობს. ამიტომაც, ჩვენი მთავარი მისიაა, რომ რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური პროფესიონალი გვყავდეს ამ სფეროში,სამომავლოდ რომ შესაძლებელი იყოს ექსპორტიც. მივულოცეთ კურსდამთავრებულებს, აწი მათი გზა ხსნილია ჩაის წარმოების და დამუშავების სფეროში”.- აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.
გურიისთვის ჩაის კულტურის მნიშვნელობაზე საუბრობს სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში, ზურაბ ნასარაია.
„გურიის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩაის კულტურის განვითარება, ვინაიდან წლების მანძილზე გურია იყო ერთ-ერთი მთავარი რეგიონი, რომელიც აწვდიდა ჩაის მთელს საქართველოს და ექსპორტზე გაჰქონდა პროდუქცია. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი სპეციალისტი გადამზადდეს. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გურიაში ტრენინგები, რომელიც სრულიად დააფინანსა გაეროს განვითარების პროგრამამ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დიდი ყურადღებაა ჩვენი რეგიონის მიმართულებით. განხორციელებაში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების სამინისტროც და ერთობლივი პროექტით გვყავს უკვე ის სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ კოლეგებს გაუზიარებენ იმ გამოცდილებას, რაც მათ დააგროვეს. ჩვენს რეგიონში მალე ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი სანერგე მეურნეობა იქნება“,- აღნიშნავს ზურაბ ნასარაია.
პროექტის კურსდამთავრებული ფრიდონ ბერძენიძე “რეგიონულ კვირასთან” აღნიშავს, რომ ამ კურსის ფარგლებში,  ახალი, საჭირო ცოდნა მიიღო.
„გურია რომ ჩაის ქვეყანაა, ყველამ იცის. რაღაცა ვიცოდი მეგონა, ამ კურსებმა თავი მოუყარა ყველა საკითხს, რაც ჩაისთან არის დაკავშირებული. მისი აგრონომიით, მცენარეთა დაცვით, მერე ტექნოლოგია,შეფასებები, ცოტა მარკეტინგზეც გვესაუბრნენ. გავიზარდეთ ჩაისთან მიმართებაში. ეს კურსები ხელს შეუწყობს ჩაის ცნობადობის გაზრდას, ჩვენც, ვინც იქ ვსწავლობდით, შევეცდებით გადავცეთ ცოდნა სხვასაც. შედეგი უსათუოდ იქნება. როცა კარგი რამე კეთდება, როცა პროგრესულია, როცა ცოდნასთან არის დაკავშირებული, შედეგს ყოველთვის დადებს“.– ამბობს ფრიდონ ბერძენიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები