რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განიხილეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის უკვე მომზადებულია კანონპროექტი „რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების ფართობები იზრდება. დაცული ტერიტორიების დაარსება რაჭის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, ეკოტურიზმის განვითარებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ.
შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ 2018-2019 წლებში ჩატარებული კვლევის: „რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების შესაძლებლობის შეფასება“ შედეგები გააცნო.
ჩატარებული კვლევის შედეგად, შეფასდა და განისაზღვრა გეგმარებითი დაცული ტერიტორიების სავარაუდო საზღვრები. ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება იგეგმება ონის მუნიციპალიტეტში და მისი ფართობი 52 191 ჰექტარს შეადგენს.
ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრას WWF კავკასიის პროგრამის ოფისის დირექტორი გიორგი სანადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეისათვის გამართულია დაახლოებით 10- მდე შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 500-მდე ადამიანმა.

კომენტარები

კომენტარი