ირაკლი სესიაშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს სანდო პარტნიორია

საქართველოს და ნატოს საერთო ღირებულებები და ერთი მიზანი აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტატია “Washington Times”-ში დროული იყო, რადგან საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას თავისი სანდოობა უკვე დაუმტკიცა.

„პირველი და მთავარი ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, არის ის, რომ ჩვენ ერთ ღირებულებაზე ვდგავართ. ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი, ეს არის მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია და ჩვენი შესაძლებლობების გაფართოება. ამიტომ, ამ ნაწილში ჩვენ ვართ საუკეთესო პარტნიორი. მე ხშირად ვხმარობ ხოლმე სიტყვა „მოკავშირეს“ და აქ, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები არის ჩვენთვის მართლაც გამორჩეული მოკავშირე. მეორე – ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი. რას ნიშნავს ეს? საქართველომ, საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ის არის სანდო, მისი განვითარების პროცესი არის სტაბილური და ორიენტირებულია მზარდ და მნიშვნელოვან შედეგებზე. და რა თქმა უნდა დემოკრატია. დემოკრატია და ადამიანის უფლებები“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს საერთაშორისო ოპერაციებში და ამასთან, რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მზადყოფნის შესახებ განაცხადი ძალიან სწორია.

„ამ ფონზე, როცა ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საიმედოები ვართ, ვამტკიცებთ და ვმოქმედებთ პარტნიორებთან ერთად, გვაქვს მაღალი დონის სტანდარტი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, გვაქვს დემოკრატია და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც კარგ შედეგებს ვაჩვენებთ, ცხადია, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არა მხოლოდ ვისაუბროთ, რომ ნატოს კარი ახლოს არის და ღია არის. არა, ჩვენ გვინდა, რომ ამ კარში შევიდეთ და ეს განაცხადი, ვფიქრობ, არის ძალიან სწორი“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას სტატია სახელწოდებით „საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას“ “Washington Times”-ში დღეს გამოქვეყნდა. მასში საქართველოს პრემიერი აღნიშნავს, რომ მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას გააძლიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები