რას ითვალისწინებს შშმ პირთა უფლებების შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი – სიახლეები, ცვლილებები, რეგულაციები

საქართველოს მთავრობამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მთავარი მიზანი შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორ პირობებში ჩართვაა. კონკრეტულად რა ცვლილებებს, რეგულაციებს და სიახლეებს მოიცავს კანონპროექტი, ამის შესახებ „კვირას“ იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინე წაქაძე ესაუბრა.

მთავრობამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. როდის გადაეგზავნება პარლამენტს და როდის დაიწყება განხილვები?

პროექტზე მუშაობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკითხის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ეს არ იყო მარტივი პროცესი, რომელშიც ჩართული იყვნენ თვითონ შშმ პირთა ორგანიზაციები, პირველ რიგში, კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც აერთიანებს არაერთ არასამთავრობო, მათ შორის, შშმ პირების მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს. მოგვიანებით პროცესში ასევე ჩაერთნენ სახელმწიფო დაწესებულებები, რომელთა ვალდებულებების მოცულობაზეც პირდაპირ გავლენას ახდენს ეს პროექტი. 2018 წლის მარტში პროექტის ამჟამინდელი რედაქცია, რომელზეც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფო უწყებები იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციის ფარგლებში მუშაობდნენ, საბოლოოდ შეჯერდა და იმავე წლის აპრილში მის გარშემო საჯარო დისკუსია გაიხსნა, რომლის დასრულების შემდეგ კანონპროექტზე ფინანსური გაანგარიშება შეასრულა „გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP)“.

ცვლილებათა პაკეტი, რომელიც 30-მდე კანონპროექტს აერთიანებს, მთავრობამ უკვე მოიწონა და პარლამენტს წარუდგინა. პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები დარეგისტრირებულია და საპარლამენტო განხილვები დაწყებულია. განსაზღვრულია ის რამდენიმე სავალდებულო კომიტეტი, რომელთა მიერაც ამ პაკეტის განხილვაა საჭირო. წამყვანი კომიტეტი, ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია. თუ კანონპროექტის დამტკიცების საბოლოო ვადაზეა საუბარი, წინ, დაახლოებით, თვენახევრიანი-ორთვიანი პროცესია (თუ სხდომებს შორის პერიოდში დამატებითი სამუშაო შეხვედრების გამართვა გახდა საჭირო, მაშინ ცოტა მეტიც), რადგან პლენარულ სხდომებს შორის საკმაოდ ბევრი საკომიტეტო სხდომაა გასავლელი და ამას შესაბამისი დრო ჭირდება.

საკანონმდებლო ცვლილების მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება და საკანონმდებლო გარანტიების შექმნაა. უფრო კონკრეტულად, რა იგულისხმება ამაში და რა რეგულაციებს ითვალისიწინებს?

პარლამენტის მიერ პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველოს პირველად ექნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს და ეფუძნება გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციას, რომლის რატიფიცირებაც ჩვენმა პარლამენტმა 2013 წელს მოახდინა. ამრიგად, კონვენცია საქართველოსთვის უკვე ძალაშია, თუმცა, თუ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არ იარსებებს მისი აღსრულების რეალური მექანიზმები, კონვენციის ძირითადი დებულებები ფურცელზე დარჩება. ამასთან, გარდა იმისა, რომ საკანონმდებლო ბაზის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება გვაქვს, ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ის არის ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, ეს სფერო უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი კონვენციის ფარგლებს სცილდება და მასში რამდენიმე სხვა სიახლეც არის შეტანილი.

რა არის ის ძირითადი საკითხები, რაც კანონპროექტის მიხედვით, მის განხორციელებაში ჩართულ სტრუქტურებს ევალებათ და როგორ უნდა შეიცვალოს არსებული გარემო?

კანონპროექტი შშმ პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებას, პირველ რიგში, თავად სახელმწიფოს და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს აკისრებს. ამ მიზნით, განისაზღვრება სხვადასხვა უწყების ვალდებულებები, სახელმწიფოს ერთიანი 15-წლიანი სტრატეგიის შესაბამისად, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონის ეფექტური აღსრულებისათვის ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური და სხვა მიმართულებებით საზოგადოებაში ამ პირთა სრული ინტეგრაციისა და მათთვის ყველა სახის მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი აქტივობების, მათი შესრულების ინდიკატორებისა და კონკრეტული ვადების, აგრეთვე პასუხისმგებელი ორგანებისა და პირების მითითებით.
რაც შეეხება ამ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმებს, სამთავრობო დონეზე შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი, რომელიც გააკონტროლებს ცალკეული უწყებების მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას.

ადმინისტრაციულ ორგანოთა ძირითადი ვალდებულებები მაინც გარემოს ადაპტაცია და სერვისებზე ხელმისაწვდომობაა. გარემოში მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ იგულისხმება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში მოქმედი ყველა სახის სერვისი მორგებული იყოს სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირთა საჭიროებებზე. აქ იგულისხმება ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა სპეციალური თარჯიმნების (სურდოთარჯიმნები) მეშვეობით მომსახურება, ბრაილის შრიფტი, აუდიოვიზუალური მასალა და სხვა საშუალებები, რომლებიც შშმ პირს დამოუკიდებლად, სხვა ადამიანის დახმარების გარეშე, კონკრეტული სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს. ამასთან ერთად, კანონპროექტს პირველად შემოაქვს „ქართული ჟესტური ენის“, როგორც საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალების, განმარტება და ავალდებულებს სახელმწიფოს, აღიაროს იგი და შექმნას ყველა აუცილებელი წინაპირობა მისი სათანადოდ გამოყენებისათვის იმ პირთა მიერ, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია.

გარდა ამისა, ყველა სახელმწიფო უწყების ვალდებულებაა, რომ მისი თანამშრომლები, რომლებსაც რაიმე სახის შეხება აქვს შშმ პირებთან, იყვნენ გადამზადებული შესაბამისი სტანდარტების მიხედვით და შემდგომაც მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს ამ მიმართულებით მათი კვალიფიკაციის ამაღლება.

გარდა ახალი შენობებისა, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მორგებაც უნდა მოხდეს შშმ პირთა საჭიროებებზე, რაც საკმაოდ რთული პროცესია ტექნიკურად, ფინანსურად და სხვა თვალსაზრისით. ამიტომაც აღებულია 15-წლიანი ვადა იმისათვის, რათა არსებული ინფრასტრუქტურა შშმ პირთა საჭიროებებს სრულად მოერგოს. ეს ვალდებულება არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებზე, არამედ იმ კერძო სამართლის სუბიექტებზეც გავრცელდება, რომელთა საქმიანობის საგანიც ადამიანებისთვის სერვისების მიწოდებაა. თუ იარსებებს კონკრეტული შემთხვევა, როდესაც რომელიმე შენობის ადაპტაცია ობიექტური (ტექნიკური) მიზეზების გამო შეუძლებელია, უნდა გამოინახოს ალტერნატიული გზები შშმ პირთათვის ამ ინფრასტრუქტურის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ახალი ნაგებობები კი, რასაკვირველია, თავიდანვე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული.

კანონპროექტი სამედიცინო მოდელიდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს, რა ცვლილებებს გულისხმობს ეს ნაწილი და რა სოციალურ გარანტიებზეა საუბარი?

დღესდღეობით ადამიანებს სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით განესაზღვრებათ შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხი და ენიჭებათ შესაბამისი სტატუსი. ახალი მიდგომა განსხვავებული იქნება – ბიოფსიქოსოციალური მოდელის პირობებში პირისათვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და შეზღუდვის ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც. საამისოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მომდევნო 2 წლის უნდა წარმოადგინოს ამ მოდელზე სრულად გადასასვლელად გადასადგმელი ნაბიჯების დეტალური გეგმა.

რაც შეეხება ცალკეულ მომსახურებებს, რას ითვალისწინებს კანონპოროექტი ამ თვალსაზრისით და რას გულისხმობს პერსონალური ასისტენტი რეგიონებში ან სპეციალური მოსარჩელე?

იმისათვის, რათა შშმ პირებისათვის სრულად იქნეს უზრუნველყოფილი სამართალწარმოების ხელმისაწვდომობა, კანონპროექტით შემოდის სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი – ეს იქნება ორგანიზაცია, რომლის წარმომადგენლებიც სპეციალური მინდობილობის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებისა თუ სხვა დამატებითი ბარიერების გარეშე უზრუნველყოფს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე შშმ პირთა უფლებების დაცვას. მაგალითად, თუ შესაბამისი სტატუსის მქონე ორგანიზაციის წარმომადგენელი შეამჩნევს, რომ შენობა ან სხვა სახის ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით, თუ ის სერვისების გაცემაზეა ორიენტირებული, არ არის მორგებული შშმ პირთა საჭიროებებზე, რაც შეიძლება გახდეს მათ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის საფუძველი, ის დამოუკიდებლად დაიწყებს სამოქალაქო/ადმინისტრაციული დავის წარმოებას და ბოლომდე, სასამართლო ინსტანციის ჩათვლით, დაიცავს შშმ პირთა შესაბამისი ჯგუფის ინტერესებს.

რაც შეეხება პერსონალური ასისტენტის მომსახურებას, აქ ჩართულია ორი უწყება: ცენტრალურ დონეზე ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო ადგილობრივ დონეზე – მუნიციპალიტეტები. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა განსაზღვროს ამ სერვისით სარგებლობის ძირითადი პრინციპები და პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმები, ხოლო თუ როგორი იქნება უშუალოდ მომსახურების მოცულობა და მიწოდების წესები, ამას განსაზღვრავენ უშუალოდ მუნიციპალიტეტები. ეს სერვისი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

მუნიციპალიტეტების ვალდებულებები ამით არ ამოიწურება. შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდასაჭერად მათ ყოველმხრივ ხელი უნდა შეუწყონ ისეთი ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც შშმ პირები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს.

კანონპროექტი თუ ითვალისწინებს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნას?

ცენტრების, როგორც ცალკე სტრუქტურების, შექმნას კანონპროექტი არ ითვალისწინებს. თუმცა, მუნიციპალიტეტებმა თავის ტერიტორიაზე მოქმედ, შესაბამისი ფუნქციების მქონე სხვა დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ერთად, ყველა ღონე უნდა იხმარონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო საინფორმაციო-საკონსულტაციო და სხვა სახის მხარდაჭერის სერვისების განვითარების ხელშესაწყობად.

რა ნაბიჯები იგეგმება საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად?

კანონპროექტში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რათა გაიზარდოს საზოგადოებაში შშმ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცულობა და ჩამოყალიბდეს დისკრიმინაციისა და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი გარემო. ეს გულისხმობს შშმ პირთა პოტენციალის პოპულარიზაციას, შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. კონკრეტულად რა დაევალება ამ მიმართულებით საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს უკვე ერთიანი სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების განსაზღვრის საგანია.

რა გასხვავებებია შშმ პირთა უფლებების შესახებ არსებულ მიდგომას და ახლადშემუშავებულს შორის?

დღეისთვის, ფაქტობრივად, შშმ პირთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ერთიანი ხედვა და სტრატეგია – სად ვართ ახლა და სად გვინდა ვიყოთ თუნდაც 10-15 წლის შემდეგ, არ არსებობს. სხვადასხვა დროს განხორციელებულია ცალკეული ღონისძიებები – მაგალითად, ფორმალურად ძალაშია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონი, რომელიც 1997 წელს არის მიღებული და დღეისათვის მისი ძირითადი ნაწილი აბსოლუტურად უმოქმედოა; მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულია ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც, სხვებს შორის, შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებას შეეხება და სხვ. დღეისათვის მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია შშმ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხები, რასაც სპეციალური კანონმდებლობა არეგულირებს.

ახალი კანონმდებლობა ერთობლიობაში – ანუ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ერთიან სამთავრობო სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმებთან ერთად, სწორედ ამ მიმართულებით ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს ხედვას ასახავს მოკლევადიან და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში.

მნიშვნელოვანია განათლების სფეროში ცვლილებები. რა იგეგმება, რომ შშმ პირებისთვის საგანმანათლებლო სერვისები უფრო ხელმისაწვდომი იყოს? ასევე, ინკლუზიური განათლების სფეროში პედაგოგების გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი თუ დგას?

დიახ, შესაბამისი პერსონალის გადამზადების ვალდებულება, პირველ რიგში, განათლების სფეროს შეეხება. ამ მიზნით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შშმ პირებთან მუშაობისათვის საჭირო უნარების შესაძენად ყველა საფეხურის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კულტურისა და სპორტის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისათვის სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება, მათი გადამზადება და კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებაზე ზრუნვა.

ზოგადად, სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვა, რომლითაც უზრუნველყოფილია შშმ პირთა მიერ ყველა საფეხურზე უწყვეტი განათლების მიღება, საკუთარი პიროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება და გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების რეალიზება. ამ მიზნით, განათლების სამინისტროს დამატებით ევალება სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მის განხორციელებაზე ზედამხედველობა, შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავება და სხვ. ამ მიზნით, შესაბამისი ცვლილებები შედის განათლების სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაშიც.

თავად შშმ პირები რას ფიქრობენ და როგორი პოზიცია აქვთ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით?

ზოგადად, შშმ პირთა ორგანიზაციების განწყობა კანონპროექტის მიმართ უაღრესად დადებითია. ამ კანონის ისინი მრავალი წელი ელოდნენ, ვინაიდან ამით შეიქმნება შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციას ცხოვრებაში გატარების შესაძლებლობა. ცვლილებების მომზადების პროცესში მათ მჭიდროდ ითანამშრომლეს იუსტიციის სამინისტროსთან და შედეგიც სახეზეა. ამ ორგანიზაციებს შეიძლება ჰქონდეთ სურვილი, რომ სახელმწიფოსა და მისი უწყების ვალდებულებები უფრო სწრაფად შესრულდეს, უკვე არსებული შენობა-ნაგებობების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგების ჩათვლით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ სახელმწიფო დაწესებულებაზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობა ფართოა და საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო მათ ზედმიწევნით შესასრულებლად, ამ ყველაფერის ერთი ხელის მოსმით, მცირე დროში განხორციელება შეუძლებელია. ასეა თუ ისე, პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მთავარ საკითხებზე მხარეთა შორის მიღწეული კონსენსუსის შედეგია და ფაქტია, რომ სახელმწიფო უწყებებმა, შშმ პირთა ორგანიზაციებმა, საერთაშორისო დონორებმა და ექსპერტებმა დიდი შრომა გასწიეს ამ შეთანხმების მისაღწევად.

ამ ნაწილშიც საბოლოო სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის, რომელიც, ვიმედოვნებთ, მხარს დაუჭერს შეთავაზებულ ცვლილებებს.

 

ნელი ვერულაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები