თელავში წყლის გრაფიკის გაუმჯობესების მოთხოვნით 10-მდე ადგილობრივმა აქცია გამართა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წინ 10-მდე ადგილობრივმა წყლის გრაფიკის გაუარესების გამო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების თქმით, სასმელი წყალი აგვისტოს შემდეგ მცირე რაოდენობით რამდენიმე დღეში ერთხელ, ნახევარი საათით მიეწოდებათ.
როგორც ნანი ფეხმოჭრელიშვილმა “რეგიონულ კვირასთან ” განმარტა, წყლით უზრუნველყოფას საკუთარი ძალებით ახდენენ.
“წყალი ყოველ მეორე ან მესამე დღეს მოდის, მაგრამ 15 -20 წუთით, კალისტრებით ვეზიდებით წყალს მეცხრე სართულზე და ძალიან გვიჭირს,ვითხოვთ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურადღება მოგვაქციოს”,-განმარტა ფეხმოჭრელიშვილმა.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა აღნიშნა, წყლის მიწოდების პრობლემა მისთვის ცნობილია და აღნიშნულის მოსაგვარებლად ორ უბანზე გამრიცხველიანება მიმდინარეობს.
“სამწუხაროდ დღეს არის ისეთი უბნები, რომლებასაც წყალი დღეები არ მიეწოდება და წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას. მე ვფიქრობ რომ მიმდინარე სამუშაოებით ალაზნის გამზირის და კავკასიონის მაცხოვრებლების გრაფიკი მნიშვნელივნად გაუმჯობესდება”,- აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია აცხადებს, რომ გამრიცხველიანების რეაბილიტაციის პირველი ფაზა წყლის გრაფიკს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
“პროექტი დაახლოებით 3 მილიონი ლარი ჯდება. აღნიშნული პროექტით მოხდება მოსახლეობის გამრიცხველიანება,ახალი 3 ჭაბურღილის დამონტაჟებას,რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის და გააუმჯობესებს თელავში მოსახლეობის წყალმომარაგების პირობებს “,- განაცხადა მანდარიამ.

წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, თელავში გამრიცხველიანება  მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელები და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელებიც.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები