ბათუმში შემოვლითი გზის მშენებლობისას დაზარალებული ქადაგიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს
ბათუმში, ქადაგიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც ისინი აცხადებენ, ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისას საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რამაც ნგრევა გამოიწვია.
ქადაგიძეები ასევე ამბობენ, რომ მშენებელმა კომპანიამ სახლისკენ მიმავალი გზაც გადაუკეტა. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დახმარების თხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართეს, ფაქტზე რეაგირება დღემდე არ მომხდარა.
როგორც საგზაო დეპარტამენტში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილი დროებით შეიზღუდა.
მიხეილ უჯმაჯურიძის თქმით, კომპანიამ ოჯახს ალტერნატიული გზით სარგებლობა შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადეს. რაც შეეხება სახლს, საგზაო დეპარტამენტის გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის განცხადებით, ზედამხედველი კომპანიისგან შესაბამის რეკომენდაციებს ელოდებიან.
ცნობისთვის, ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “polat a.s-აჭარა” ახორციელებს.