ირანელი დეპუტატი: “კორონავირუსისგან ქვეყანაში ყოველდღიურად ათამდე ადამიანი იღუპება”
ირანში, კორონავირუსმა სულ მცირე, 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამის შესახებ ირანის პარლამენტში, ქალაქ კუმას წარმომადგენელმა აჰმად ამირაბადი ფარაჰანიმ განაცხადა, იტყობინება ILNA.
“გუშინდელი დღის მონაცემით, ვირუსს, ქალაქ კუმაში 50 ადამიანი ემსხვერპლა. ამაზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა აიღოს”,-განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ქვეყანაში ყოველდღიურად 10-მდე ადამიანი კვდება, მთავრობა კი, ეპიდემიის გავრცელების გამო “სათანადოდ შეშფოთებული არ არის”.
“კუმა ცუდ მდგომარეობაშია. მთავრობა კორონავირუსის გავრცელებას ვერ აკონტროლებს. მაგრამ, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, უნდა ვიმოქმედოთ. კუმაში ვირუსი სამი კვირის წინ გამოჩნდა, მაგრამ ამის შესახებ ძალიან გვიან განაცხადეს”,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მისივე ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალს ამ დრომდე არ მიუღია დამცავი ტანსაცმელი და ექიმები პაციენტებს დაინფიცირებისა და შემდგომი გავრცელების რისკის ფონზე კურნავენ.
ოფიციალური სტატისტიკით, ირანში კორონავირუსს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 47 დაავადებულია.