ათეა-სა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარებას ისახავს მიზნად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა – კახა კალაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა – მიხეილ ჩხენკელმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, დედაქალაქის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს ანდერს კნაპეს შეხვდა და მასთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ამასთან, მხარეები მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებისას მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კახა კალაძის განცხადებით, მემორანდუმის მთავარ მიზანს, საქართველოს კულტურის მსოფლიოსთის უკეთ გაცნობა წარმოადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმა ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის წარმოსაჩენად. დღევანდელი მემორანდუმის მიზანია, მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი კულტურა, ღირსშესანიშნავი ადგილები. დარწმუნებული ვარ, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, მეტი ადამიანი დაინტერესდეს ჩვენი ქვეყნითა და ულამაზესი ქალაქით, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომლებიც, ვფიქრობ, მრავლადაა ყველა ქალაქში, რაიონსა და სოფელში. სოფელი არაა, სადაც შეიძლება არ იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. შესაბამისად, საჭიროა ამ ყველაფრის სწორად განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტმა ანდერს კნაპემ მომავალში ქართულ მხარესთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ქალაქის მერთან და განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას და ადგილობრივი ხელისუფლების ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობებს. ბატონი მერი ამავდროულად ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტია და მეც ჩემს ქვეყანაში – შვედეთში, იგივე თანამდებობა მიკავია. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ ურთიერთობენ მუნიციპალიტეტები ცენტრალურ ხელისუფლებასთან და თუ მიმდინარეობს მათ შორის კონსულტაციები უწყვეტ რეჟიმში. საქართველოს და თბილისს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, არაჩვეულებრივი სამზარეულო, ღვინო, ჰყავს სტუმართმოყვარე ხალხი. ჩვენი აქტიური თანამშრომლობით ეს პოტენციალი კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს“, – განაცხადა ანდერს კნაპემ.

ღონისძიება, რომელიც სასტუმროში ,, ჰოლიდეი ინნ-თბილისი“ მოეწყო, ათეა-სა და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა გახსნა.

როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, ევროპული კულტურული მარშრუტების პროგრამა, კულტურისა და ტურიზმის სექტორში ევროსაბჭოს წამყვანი პროგრამაა და სწორედ ათეა-ს ინიციატივით დაისახა სამინისტროსთან ურთიერთანამშრომლობისა და პარტნიორობის ხედვა სხვადასხვა მიმართულებებით.

„მემორანდუმის გაფორმების ინიციატივას რამდენიმე მნიშვნელოვანი განზომილება გააჩნია, ეს არის საქართველოს ევროპული მისწრაფება, ადგილობრივი ეკონომიკისა და შემოქმედებითობის წახალისება, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დიალოგი და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ჩართულობა ახალი კულტურული მარშრუტების შექმნაში, კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, საინფორმაციო, მეთოდოლოგიური და სხვა სახის ინფორმაციის გაცვლა, პარტნიორობა კულტურული ტურიზმის, კულტურული მარშრუტების მიმართულებით საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში, საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და ადგილობრივი კულტურული მარშრუტების შექმნაში, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადება, ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და ადგილობრივი კულტურული მარშრუტების მართვის სფეროში – ეს ის მიმართულებებია, რომლებიც მემორანდუმის ფარგლებში ათეა-სა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის შედეგად წარიმართება.
კულტურული მარშრუტები ევროპის საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. დღესდღეობით ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულია 38 მარშრუტი, პროგრამაში კი გაერთიანებულია 47 სახელმწიფო.
კულტურული მარშრუტები, მასობრივი პროექტების განხორციელების გზით, ხელს უწყობენ მდგრად განვითარებას და აძლიერებენ მემკვიდრეობასთან წვდომის დივერსიფიცირებულ ფორმებს. მარშრუტების ქსელში ჩართულია 1600-ზე მეტი ინსტიტუცია, რაც ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობებს, ასოციაციებსა თუ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ სუბიექტებს შორის სინერგიის საშუალებას იძლევა.
კულტურული მარშრუტების პროგრამას საქართველოში ეროვნულ დონეზე კოორდინაციას უწევს სამინისტრო და მისი ხელშეწყობისათვის აქტიურ კამპანიას ახორციელებს. ორი წლის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 2021 წელს ევროპული კულტურული მარშრუტების ფორუმის საქართველოში ჩატარების თაობაზე.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს, ასევე ათეა-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი – გიორგი ტყემალაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – ნათია ღვინაშვილი, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები