ვახტანგ მაისაია: რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციით არის დაინტერესებული, ამისათვის კი სააკაშვილი საუკეთესო იარაღია
რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციით არის დაინტერესებული, ამისათვის კი მიხეილ სააკაშვილი საუკეთესო იარაღია, – ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება რუსეთის ინტერესებში შედის.
“როცა სახელმწიფო სტრუქტურების ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა და სააკაშვილის ფოტო განთავსდა წარწერით- “მე დავბრუნდები”, ბევრმა ეს “ნაციონალური მოძრაობის” ნამოქმედარად ჩათვალა, მე კი მაშინვე განვაცხადე, რომ ამ კიბერშეტევის უკან რუსული სპეცსამსახურების ხელწერასა და ინტერესს ვხედავდი. საქმე ის არის, რომ რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციით არის დაინტერესებული, ამისათვის კი სააკაშვილი საუკეთესო იარაღია. საერთოდ, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება რუსეთისათვის იდეალური იყო, რადგან კრემლმა სააკაშვილის მმართველობის პირობებში საქართველოში მიაღწია ყველაფერს, რისი მიღწევას სურდა და განახორციელა ყველა პროვოკაცია, რაც კი ჩაიფიქრა. საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის დაბრუნება რუსეთის ინტერესებში შედის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ზოგადად, სააკაშვილი, როგორც რუსული სპეცსამსახურების გავლენის აგენტი, დიდი ხანია, გაშიფრულია, რამდენიმე დღის წინათ კი ციხიდან კრემლის კიდევ ერთი გავლენის აგენტი ვანო მერაბიშვილიც გამოვიდა. მოკლედ, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ რევოლუციური სცენარი და სახელმწიფო გადატრიალება, რაზეც “ნაციონალური მოძრაობა” მუშაობს, კრემლისა და რუსული სპეცსამსახურების ინტერესშია. მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობაზე” უფრო ხელსაყრელ ძალას ვერც კი ინატრებს”,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.