სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა
დღეს, 2026 წლის 28 ივნისს, სულთმოფენობიდან მეოთხე კვირას, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, თანამსახურებდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და სხვა სასულიერო პირები.
“წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მრევლს და იქ მყოფ დასალოცად მოსულ აბიტურიენტებს მიმართა:
„ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით. გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში. გახსოვდეთ, ცოდნა ეს არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს, მაგრამ აუცილებლად მინდა, რომ გახსოვდეთ და იცოდეთ ის, რა სწავლებაც იყო მოცემული დღევანდელ სახარებაში, რომ უმთავრესია, ცხოვრებაში ვეძებოთ ღმერთთან სიახლოვე, მისი წმინდა ნების შესრულება და ვილოცოთ, მივმართოთ მას ჩვენი თხოვნით, მტკიცე რწმენით, რომელიც შეზავებულია სიმდაბლესა და მოყვასისადმი სიყვარულთან.
თუ ასე ვიცხოვრებთ, თუ ვეცდებით, ასე ვიცხოვროთ, მაშინ ეს გახდება საწინდარი ყოველგვარი წარმატებისა, როგორც ამქვეყნიურისა, ასევე იმქვეყნიურისა, რადგან თავად უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ პირველად ეძებეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი დანარჩენი, რაც საჭიროა დროებითი ცხოვრებისთვის, მოგეცემათ და შეგემატებათ (მთ. 6, 33).
კიდევ ერთხელ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენი ჩაბარების წელი დაემთხვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, ამ დიდ საიუბილეო თარიღს. ამასთან დაკავშირებით, ლოცვა-კურთხევის სახით დაგირიგდებათ სპეციალური საიუბილეო ჯვრები, რომლებიც იქნება თქვენთვის კურთხევის და ღვთის წყალობის მომტანი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“
ქადაგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა კიდევ ერთხელ დალოცა ტაძარში შეკრებილი 3500 აბიტურიენტი და თითოეულ მათგანს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დამზადებული ჯვარი გადასცა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.