“გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესებში” – დედოფლისწყაროს სკოლების პედაგოგებს ტრენინგები ჩაუტარდათ

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, გეოგრაფიის პედაგოგებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს ჩაუტარდათ ტრენინგები “გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესებში”, რომლებიც მიზნად ისახავდა პედაგოგების ცნობიერების ამაღლებასა და, შედეგად, სასწავლო პროცესებში გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირების ხელშეწყობას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგების ფარგლებში ძირითადი ყურადღება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიწის დეგრადაციის პრობლემასა და მინდვრის გადაწვის მავნე პრაქტიკაზე გაამახვილეს. აგრარული სფეროს გამოწვევებთან ერთად, ყურადღება დაეთმო ისეთ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა ატმოსფერული ჰაერის ხარისხი სოფლად და მისი დაბინძურების გამომწვევი მთავარი მიზეზი-ფოთლების დაწვის მავნე პრაქტიკა, ბიომრავალფეროვნების კარგვა და კლიმატის ცვლილება. თეორიულ ნაწილთან ერთად, ტრენინგები პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა და მასწავლებლები და აღმზრდელ-მეთოდისტები აქტიურად ჩაერთვნენ გამართულ დისკუსიებში. მონაწილეებს ასევე საჩუქრად გადაეცათ საინფორმაციო ბროშურები და სხვა სასწავლო მასალები, რომელთა გამოყენებასაც სწავლებისას შეძლებენ.

გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების საგანმანათლებლო პროცესებში ინტეგრირების მიზნით ტრენინგები დაგეგმილია ახმეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლებისთვისაც. ტრენინგების ფარგლებში სულ 200-მდე მასწავლებლის გადამზადებაა დაგეგმილი.

ტრენინგების შემდგომ ეტაპზე, გადამზადებული პედაგოგები და აღმზრდელ-მეთოდისტები სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში ჩაერთვებიან და შეძლებენ მიღებული ცოდნის გამოყენებას მოსწავლეებისათვის სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი აქტივობების დაგეგმვისას.

კომენტარები

კომენტარი