დიმიტრი ხუნდაძე: არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები ოკუპაციას არასოდეს შეეგუებიან

არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები ოკუპაციას არასოდეს შეეგუებიან,- ამის შესახებ მცხეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ სოფელ წილკანში განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.

„მძიმე თარიღია, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ამ სიმძიმესთან არის სიამაყეც, როცა ჩვენი ახალგაზრდა კაცი არ შეეგუა ძალადობას და არ შეეგუა იმას, რომ საკუთარი ტერიტორია იქნას ოკუპირებული მუდმივად და ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქ ილახებოდეს. მისი ეს მყარი პოზიცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო, ქართველი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას და ეს არის მხოლოდ დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა. ამ მოვლენის გამო წილკანში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები