არჩილ ტატუნაშვილის სახელი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს გაუტეხელი ადამიანი, რომელიც ოკუპაციას არ ეგუება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა წილკანში განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.
„არჩილ ტატუნაშვილი არის ადამიანი, რომელიც დღევანდელი საქართველოს ისტორიას წერს თავისი გმირობით და აგრძელებს მას. მისი სახელი არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს გაუტეხელი ადამიანი, რომელიც არ ეგუება ოკუპაციას და არ ეგუება საქართველოს დაქუცმაცებას. დღეს მისი სახელობის სკვერი გაიხსნა, სადაც ბავშვებს ექნებათ საშუალება, არა მხოლოდ ითამაშონ, არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ, არამედ ამავდროულად, გაიხსენონ იმ ადამიანის სახელი, ვინც თავისი გმირობით კიდევ ერთხელ ასახელა ქართველები და საქართველო. ეს იქნება ამ ბავშვებისთვის კარგი მაგალითი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.