“საუბრები სასახლის სამკითხველოში” – ლევან თაქთაქიშვილთან შეხვედრა გაიმართა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, პროექტის ,,საუბრები სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორ ლევან თაქთაქიშვილთან შეხვედრა გაიმართა.
სტუმარმა ისაუბრა წიგნის ისტორიაზე, ქართულ სტამბასა და პირველ ქართულ ნაბეჭდ წიგნებზე: რომში გამოცემულ ქართულ- იტალიურ ლექსიკონზე; მოსკოვში, არჩილ მეფის მიერ გამოცემულ ,,დავითნზე”, ვახტანგ VI-ის სტამბის გამოცემებზე, 1712 წელს გამოცემულ ,,ვეფხისტყაოსანზე”, მეფე ერეკლეს სტამბის წიგნებზე, სოფელ წესში გამოცემულ პირველ ქართულ მინიატურულ წიგნზე და სხვა უნიკალურ გამოცემებზე; ი.ჭავჭავაძის, დ. ბაქრაძის, გ. ჩუბინაშვილის, ი.გრიშაშვილის პირად კოლექციებზე და რა თქმა უნდა საკუთარ კოლექციაზე.
მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სტუმრის მონათხრობმა იმის შესახებ, თუ როგორ ნახა საფრანგეთის უძველესი ბიბლიოთეკის საიტზე არსებულ კატალოგში, 1709 წელს გამოცემული ,,დავითნის” სრული ვერსია სატიტულო ფურცელი, რომელიც ორი საუკუნეა არავის არსად უნახავს.
შეხვედრის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა დამსწრეთა კითხვებს უპასუხა.