აკაკი საღირაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან „შუა დერეფნის” გაციფროვნების შესაძლებლობებზე ისაუბრა

შვედეთში მიმდინარე გაეროს საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მახტარ დიოპთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის განვითარების საკითხები. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კუთხით აღმოუჩინა. განსაკუთრებული ყურადღება ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობაზე გამახვილდა.

შეხვედრაზე აღინიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის შესახებ, როგორც საგზაო უსაფრთხოების, ასევე საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის – ე.წ. „შუა დერეფნის” გაციფროვნების მიმართულებით, რომელიც, აკაკი საღირაშვილის შეფასებით, ხელს შეუწყობს აღნიშნული დერეფნის ცნობადობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და დამატებითი ტვირთების მოზიდვაში აისახება.

მაღალი დონის კონფერენცია მიზნად ისახავს მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიდგომების განსაზღვრას 2020-2030 წლებისთვის, რაც ქვეყნებს საგზაო უსაფრთხოების ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში დაეხმარება, რათა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული მძიმე შედეგების რაოდენობა შემცირდეს.

მინისტერიალში 140 ქვეყნის დელეგაცია და 1700-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები