ივანე მაჭავარიანი: ყველა კატეგორიაში დაგეგმილი შემოსავლები გადაჭარბებით არის შესრულებული
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა 2019 წლის ბიუჯეტში შემოსავლების შესრულების მაჩვენებლებზე და განაცხადა, რომ დამატებით მიღებული სახსრები 716 მილიონ ლარს შეადგენს.
„გადაჭარბებით მიღებულ შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი საგადასახადო შემოსავლებს უკავია. ბიუჯეტში ცვლილებების დროს ჩვენ გავზარდეთ საგადასახადო შემოსავლების გეგმა. მისი დაზუსტებული მაჩვენებელი 11 მილიარდ 310 მილიონ ლარით განისაზღვრა, თუმცა ფაქტიურად მობილიზებული თანხა 11 მილიარდ 860 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 550 მილიონი ლარით მეტია დაგეგმილ მაჩვენებელზე”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, გადაჭარბებით მიღებული თანხიდან 108 მილიონი ლარი აისახა საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებლებში, ხოლო 442 მილიონი ლარი მიიმართა ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების ქვეანგარიშზე. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული თანხა მიმდინარე წელს წინა წლებში დაგროვებული დღგ-ის ზედმეტობის დასაბრუნებლად იქნება გამოყენებული.