ნათია თურნავა: ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები

„ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მინსკში საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა თავის სიტყვაში მიმოიხილა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთკავშირების ძირითადი ასპექტები და აღნიშნა, რომ დღესდღეობით საქართველო რეგიონული ლიდერია ბევრ სფეროში და მიმზიდველი, საიმედო სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი. ნათია თურნავამ ვრცლად ისაუბრა იმ სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებზე, სადაც ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების დიდი პოტენციალია, მათ შორის ორმხრივი, ერთობლივი პროექტების სახით. „დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, მომავალშიც ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის თავისუფალი ეკონომიკური ზონების საპარტნიორო ურთიერთობების განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით – ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მიზნით.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოსა და ბელარუსს შორის სატვირთო გადაზიდვების განვითარება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ბელარუს კოლეგებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებიც გააცნო. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ, წინასწარი მაჩვენებლებით, გასულ წელს 5.2% შეადგინა. „საგარეო-სავაჭრო ბრუნვა 2019 წელს 2.7%-ით გაიზარდა და 12.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ექსპორტის კუთხით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი 2019 წლის სამ კვარტალში დაახლოებით 909 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენ უპრეცედენტო ზრდა გვაქვს ტურიზმის სფეროში – გასულ წელს საქართველოს 9.4 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც რეკორდული მაჩვენებელია”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ბელარუსის წარმომადგენლებს ასევე გააცნო საქართველოს შედეგები სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში და მათში საქართველოს წარმატებული პოზიციონირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები