პრეზიდენტი პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებას ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფად მიიჩნევს
გუშინ, პარლამენტში ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა.
„მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს – „თავისუფლების ქარტია“, რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.