ლევან დავითაშვილი: დაცული ტერიტორიების გაფართოება და ხარისხიანი მართვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
დაცული ტერიტორიების გაფართოება და ხარისხიანი მართვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ორი კანონპროექტი: „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „ბორჯომ ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“.
„დაცული ტერიტორიების გაფართოება და ხარისხიანი მართვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, მეორე მხრივ, განვავითაროთ ეკონომიკური შესაძლებლობები დაცული ტერიტორიების არეალების გარშემო. მათ შორის, განვავითაროთ ეკოტურიზმი, რომელიც ძალიან დინამიკურად ვითარდება ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია, ერუშეთის ეროვნული პარკი დაარსდება, რომლის ფართობი 11 385 ჰა-ს შეადგენს. ერუშეთის პარკის დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ტურისტულ სერვისებში.
„ერუშეთის პარკის დაარსება ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ახალ პერსპექტივას აჩენს, დაახლოებით, 38 კილომეტრზე. ერუშეთის პარკი ესაზღვრება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქოცხოვის აღკვეთილს. ასეთი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველების უნიკალური სახეობების შენარჩუნებისა და ფლორის განსაკუთრებული სახეობების დაცვისათვის“, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, დაგეგმილია მისი გაფართოება ადიგენის მუნიციპალიტეტში; ტერიტორია მოიცავს 4 137 ჰა-ს. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების გაფართოების პროექტის მიზანია დიდი ზომის ძუძუმწოვრების და უპირველესად, საქართველოს წითელი ნუსხის ორი სახეობის, კავკასიური კეთილშობილი ირმის და კავკასიური არჩვისთვის ეკოლოგიური დერეფნების შექმნა დასავლეთ მცირე კავკასიონზე. ეროვნული პარკის გაფართოება, ასევე, ხელს შეუწყობს კავკასიური არჩვის პოპულაციის ზრდას და ამ რეგიონის უნიკალური წიწვოვანი ტყეების დაცვას. დღეის მდგომარეობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 60 ათასი ჰექტარზეა; გაფართოების შემდეგ, დაახლოებით, 65 ათასი ჰექტარი გახდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და ახალი ტერიტორიების დაარსების მიმართულებებით მუშაობს.
დაცული ტერიტორიების გაფართოების/დაარსების პროცესი ხელს უწყობს საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩუნებას და ეკოტურიზმის განვითარებას.
2019 წელს, დაცული ტერიტორიების ფართობი, წინა წელთან შედარებით, 70144 ჰექტარით (10,5 % -ით) გაიზარდა და ქვეყნის 9,6 % შეადგინა.
2020 წელს დაცული ტერიტორიების 100 ათასი ჰექტარით გაფართოება იგეგმება.