„გთხოვთ, მოიკვლიოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები“ – სოცმუშაკები პარლამენტს მიმართავენ

სოციალური მუშაკები საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავენ და სთხოვენ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სოციალური მუშაკებთან მიმართებაში განხორციელებული ქმედებები მოიკვლიონ და ზედამხვედველობის ფუნქცია იტვირთონ.

ამის შესახებ „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ გამგეობის წევრმა მარიამ ბანძავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძვირფასო პარლამენტის წევრებო, მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ მოიკვლიოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები და საქართველოს პარლამენტმა იტვირთოს ზედამხვედველობის ფუნქცია.
უმნიშვნელოვანესია პასუხი გაეცეს შემდეგ შეკითხვებს.
1) რატომ არ შეასრულა სოციალური დაცვის სამინისტრომ სოცილაური მუშაობის კანონის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, რატომ არ დაამატა 50 სოციალური მუშაკი.
2) რატომ შეიყვანეს შეცდომაში საქართველოს პარლამენტი, როდესაც განმარტებითი ბარათი ამბობს, რომ ეს არ ითვალისწინება საკადრო ცვლილებებს.
3) რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა სოციალური მუშაკების მინიმალური რაოდენობა (205 სოციალური მუშაკი)
4) რა ბედი ეწია 33 სოციალური მუშაკის მიერ დატოვებულ საქმეებს, ვინ ახორციელებს მათზე ზედამხედველობას.
5) რა კრიტერიუმებით განისაზღვრა 33 სოციალური მუშაკის გათავისუფლების საკითხი (რატომ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში მინისტრს, როდესაც ამბობს, რომ გასაუბრებას ესწრებოდნენ უნვერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები)
6) რატომ არ იქნენ ინფორმირებული სოციალური მუშაკები გასაუბრების მიზების შესახებ და რატომ ეცნობათ მათ, რომ ეს იყო ტრეფიკინგის ფონდის დირექტორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა“, – განაცხადა მარიამ ბანძავამ.

მისივე თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური დაცვის სამინისტროსთან 2019 წლის 8 თებერვალს სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ბენეფიციართათვის ეფექტური, მყისიერი მომსახურებების შექმნის მიზნით დაიწყეს.

„თვე-ნახევრიანი მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შემდეგ სოციალური მუშაკები 25 მარტს მთელ საქართველოში გაიფიცნენ.

საქართველოს პარლამენტი იმ დროიდან ჩართული იყო აღნიშნულ პროცესებში და მხარს უჭერდა სოციალურ მუშაკებს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით 2018 წელს კანონიც კი შეიქმნა „სოციალური მუშაობის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ბენეფიციართა დაცვის გარანტიების შექმნას, ასევე, სოციალური მუშაკის დაცვის გარანტიების გაძლიერებასაც.
გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კანონის სამოქმედო გეგმის მიხედვით , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოციალურ მუშაკთა რაოდენობა ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს, 2019 წელს მათი რიცხვი 50 კადრით უნდა გაზრდილიყო, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვნახეთ შემცირება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულის კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანო, სწორედ, საქართველოს პარლამენტია.
გაფიცვის პერიოდში კომიტეტის თავჯდომარე, სოფიო კილაძე სოციალური მუშაკების პროტესტს სამართლიანად მიიჩნევდა და აღნიშნავდა, რომ ფინანსური საკითხის გათვალისწინებით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა 2020 წლიდან დაიწყებოდა. მანამდე კი, განხორციელდა სერტიფიცირების პროგრამა.
სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს ჩაუტარდათ სპეციალური სამართლებრივი ტრენინგ-კურსი, რომელთა დამადასტურებელი სერთიფიკატები 2020 წლის 17 იანვარს საზეიმოდ გადაეცათ. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მათ სიტყვითაც მიმართა , სოციალური მუშაკის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ ამ კუთხით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდებოდა.
ამ ყველაფრის ფონზე კი, რამდენიმე დღეში 2020 წლის 29 იანვარს 33 სოციალურ მუშაკს სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიუვიდა შეტყობინება 1 თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმის განხორციელებას.
ამასთანავე, არსებობს კანონი „შვილად აყვანის და მინდობითი აღზრდის შესახებ”, რომელშიც გასული წლის 11 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სოციალური მუშაკების რაოდენობა არათუ უნდა შემცირებულიყო, საჭიროების შემთხვევაში უნდა გაზრდილიყო კიდეც.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმით წერია, რომ “კანონპროექტით არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც კანონპროექტი არ უკავშირდება მოცემული მიმართულებებით დასაქმებული პირების შემცირებას, არც შესაბამისი ბენეფიციარი პირების მიმართ არ ახდენს რაიმე ფინანსურ გავლენას, რამდენადაც იცვლება მოცემული ფუნქციის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო”.
განმარტებითი ბარათის სწორედ ეს ნაწილი იძლეოდა იმის გარანტიას, რომ რეორგანიზაციის შედეგად სოციალურ მუშაკთა რაოდენობა არ შემცირდებოდა და გარდა ამისა, „სოციალური მომსახურების სააგენტოში” დასაქმებული სოციალური მუშაკები ავტომატურად, კონკურსის გარეშე გადაინაცვლებდნენ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში”.
ყოველივე ზემოაღნიშნულში იკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, რის საფუძველზეც ირღვევა არა მარტო სოციალურ მუშაკთა არამედ, ბენეფიციართა უფლებები. აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება ამ პროფესიის დაკნინებას და იმის უგულებელყოფას რასაც საქართველოს პარლამენტი სოციალური მუშაობის მიმართულების გეგმავს“- განაცხადა მარიამ ბანძავამ.
ცნობისთვის, 2 თებერვალს სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებით და მათი ნაწილის სამინისტროს სისტემაში დაბრუნების შესაძლებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაინტერესდა, სადაც კანონმდებლებმა „მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმინეს.
როგორც სოფო კილაძემ განაცხადა, სოციალურ მუშაკებზე არის სერიოზული მოთხოვნა, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობებშიც და დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები არ დარჩებიან სამუშაოს გარეშე, მით უფრო, თუ საუბარია კვალიფიციურ სოციალურ მუშაკებზე.
„სამინისტროს წინაშე ბევრი გამოწვევა დგას, მაგრამ დღეს მე მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მსურს, გავამახვილო თქვენი ყურადღება, რაც ვფიქრობ საზოგადოებისთვისაც ასევე საინტერესოა – ესაა სოციალური მუშაკი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ უკვე რამდენიმე წელია იმ დიდ რეფორმაზე, რომელიც სოციალური სამუშაოს შესახებ კანონის შექმნით დავიწყეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ რეფორმას, რაშიც თქვენც ხართ აქტიურად ჩართულები, თუმცა გასულ კვირას გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთბაშად 28 სოციალური მუშაკი იქნა გათავისუფლებული. ამდენად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გაუსვათ ხაზი რა იყო მიზეზები, რის გამოც იქნენ სოციალური მუშაკები გათავისუფლებულნი და არის თუ არა შესაძლებლობა, რომ მათი ნაწილი მაინც დაბრუნდეს ჯანდაცვის სამინისტროში და გააგრძელოს ის სამუშაო, რომელსაც ისინი ძალიან დიდი ხანია ემსახურებიან”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები