მამუკა მდინარაძე: ერთ მომიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და ათი პოლიციელი

საქართველოს პარლამენტი უამრავ საქმეს აკეთებს და მოქალაქეების საჭიროებაზე ორიენტირებულ უამრავ კანონპროექტს იღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მდინარაძე პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციასაც შეეხო. მისი თქმით, დღის მთავარი თემა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ყოველწლიური ანგარიშია.

„დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა არის არჩილ თალაკვაძის ანგარიში და სჯობს, მოუსმინონ პარლამენტის თავმჯდომარეს, სინამდვილეში რას აკეთებს პარლამენტი და როგორ მუშაობს. უამრავ საქმეს აკეთებს პარლამენტი და მოქალაქეების საჭიროებაზე ორიენტირებულ უამრავ კანონპროექტს იღებს. სჯობს, ამას მოუსმინონ. ერთ მომიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და ათი პოლიციელი. უკვე უხერხულია. ამ ადამიანებს შეგნებულად თუ შეუგნებლად ჟურნალისტები ეხმარებიან, რომ პერფორმანსები დაიდგას, ამიტომ ამობრძანდით პარლამენტში და ყველაფერზე გიპასუხებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს არჩილ თალაკვაძე პარლამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.

პარლამენტის შენობასთან კი ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები