მამუკა მდინარაძე: ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ხისტი, მაგრამ პრაგმატული პოზიცია
“ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ხისტი, მაგრამ პრაგმატული პოზიცია, რომლის ფარგლებშიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით არ ვიღებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება თითოეულ ნაბიჯს საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებთან ათანხმებს, თუმცა მიიჩნევს, რომ საუბარი ყველასთან საჭიროა, მათ შორის რუსეთთან.
„კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ხისტი, მაგრამ პრაგმატული პოზიცია, რომლის ფარგლებშიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით არ ვიღებთ, თითოეულ ნაბიჯს ვათანხმებთ ჩვენს საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებთან, დასავლეთთან და ეს გადაწყვეტილება იქნება, თუ ყველა სხვა გადაწყვეტილება, იქნება ამ კონტექსტში.
უნდა ელაპარაკო აბსოლუტურად ყველას, თუნდაც შენი ქვეყნის ოკუპანტს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ რა ფორმატში შედგება ეს საუბრები, ეს უკვე ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ასევე ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ხოლმე თითოეულ რჩევას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს ეროვნულ დონეზე მიღებულ კანონს არ შეეხება და მეორე მხრივ გარკვეულ უხერხულობას არ შეგვიქმნის საერთაშორისო დონეზე“, – განცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან.