სოსო არჩვაძე: სავალუტო ფონდის ანგარიშში იმის აღნიშვნა, რომ პროგნოზთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 0.6 პროცენტული პუნქტით უფრო მეტად გაიზარდა, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს

ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ექსპერტის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ წმინდა პოლიტიკა საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ინტერესის გამოხატვის ერთადერთი სფერო არ არის.

“2019 წელს ეკონომიკური ზრდის პარალელურად წინმსწრებ რეჟიმში მატულობდა სახელმწიფო კაპიტალდაბანდებები, რომელთა მოცულობამ მშპ-ის უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულს – 8 პროცენტს მიაღწია. ამასთან, ეკონომიკის სიმყარე, მისი მდგრადობა იმ მხრივაც დადასტურდა, რომ ასეთი ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის გარეშე განხორციელდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ წმინდა პოლიტიკა არ არის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ინტერესის გამოხატვის ერთადერთი სფერო; უფრო მეტიც – იგი მთლიანად განპირობებულია ეკონომიკური ცხოვრების წესით და ამ უკანასკნელის ეფექტიანობით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ანგარიში, რომელიც ეყრდნობა მისი დელეგაციის საქართველოში სტუმრობას 5-11 თებერვალს, რამდენიმე ასპექტითაა საინტერესო და საგულისხმო. შევეცდები გამოვყო ყველაზე მთავარი: ჯერ ერთი, იგი მთლიანობაში აფასებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და მდგომარეობას საკმაოდ რთულ, დაძაბულ და მოულოდნელობებით აღსავსე 2019 წელს; მეორე, იგი ეხება და ობიექტურად აფასებს საქართველოს ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა მხარეს, რის საფუძველზე ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც ეძლევა საშუალება გარედან, „ცივი გონებით“ დანახული საკუთარი მიღწევები თუ გამოწვევები სრულად გაიაზრონ და სათანადო დასკვნები გამოიტანონ; მესამე, ანგარიში აშკარად პოზიტიურად აფასებს ქვეყნის ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს. თვით იმის აღნიშვნა, რომ სავალუტო ფონდის ადრინდელ პროგნოზთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 0.6 პროცენტული პუნქტით უფრო მეტად გაიზარდა (5.2%-ით, ნაცვლად 4.6%-სა – საუკეთესო მაჩვენებელი ბოლო 8 წლის მანძილზე) ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. 0.6-პროცენტიანი მეტობა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, ეს მშპ-ის თითქმის 300-მილიონიანი ზეგეგმური მატებაა! და მეოთხე, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის აღიარება. ის, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თანაფარდობა მშპ-სთან ფაქტობრივად სამჯერ შემცირდა (2016 წ. 12.6%-დან 2019 წ.. 4.4%-მდე), ხოლო დეფიციტის აბსოლუტური მოცულობა – 2.3-ჯერ, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა. 2019 წელს ეკონომიკური ზრდის პარალელურად წინმსწრებ რეჟიმში მატულობდა სახელმწიფო კაპიტალდაბანდებები, რომელთა მოცულობამ მშპ-ის უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულს – 8 პროცენტს მიაღწია. ამასთან, ეკონომიკის სიმყარე, მისი მდგრადობა იმ მხრივაც დადასტურდა, რომ ასეთი ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის გარეშე განხორციელდა (ფისკალური დეფიციტი 2.1 პროცენტის დონეზე დარჩა). მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და სავაჭრო ბალანსის წინა წელთან შედარებით თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარიანმა შემცირებამ, ექსპორტის გრძელვადიანმა უპირატესმა ზრდამ იმპორტთან შედარებით (მარტო 2020 წლის იანვარში ექსპორტის მატების ტემპი 3-ჯერ უსწრებდა იმპორტის მატების ტემპს) არა მარტო კეთილმყოფელი გავლენა მოახდინა სავალუტო კურსის სტაბილურობაზე, არამედ ინფლაციის შეჩერებაზეც და მოამზადა პირობები ამ უკანასკნელის შემდგომი კლებისთვისაც. 2020 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 0.6 პუნქტით ნაკლები იყო დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით (შესაბამისად, 6.4% და 7.0%) და არსებობს საკმაოდ მაღალი პოზიტიური კუმულატიური მუხტი იმისათვის, რომ 2020 წლის ბოლოსათვის ის მაქსიმალურად მიუახლოვდეს 3-პროცენტიან ნიშნულს. სავალუტო ფონდის ანგარიში ასევე შეიცავს პოზიტიური პროგნოზს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე 2020 წელსა და საშუალო ვადიან პერსპექტივაზე, რაც უკავშირდება ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ თანმიმდევრულ სტრუქტურულ რეფორმებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკას უახლოეს წლებში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ზრდის ფაქტობრივად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ წმინდა პოლიტიკა არ არის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ინტერესის გამოხატვის ერთადერთი სფერო”,- წერს სოსო არჩვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები