რომან კაკულია: სავალუტო ფონდის ანგარიში ცალსახა მინიშნებაა იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის განვითარების პროცესი
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ სავალუტო ფონდის ანგარიში შეაფასა.
მისი თქმით, ანგარიში არის ცალსახა მინიშნება იმაზე, რომ საქართველოში არის განვითარების პროცესი.
“სავალუტო ფონდის ანგარიში არის ცალსახა მინიშნება იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის განვითარების პროცესი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ცხადია ის, რომ 2019 წლის განმავლობაში შენარჩუნებულია პროგნოზზე მეტი ზრდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგია, რომ დაკრედიტების ზრდა აჩვენებს, რომ ძალიან სწორი იყო რეზერვების შემცირების პოლიტიკა, რომელმაც მოახერხა და დააბალანსა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რომლის შენარჩუნება ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ისევ, ინფლაციიდან გამომდინარე. მაგრამ, ამან რომ ასახვა არ ჰპოვა დაკრედიტების ზრდაზე, ეს ეკონომიკის მუშაობაზე მიუთითებს. მგონი, ეჭვის შეტანა იმაზე, რომ სავალუტო ფონდი შეიძლება ტენდენციური იყოს, არ ღირს,”- განაცხადა რომან კაკულიამ.
ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს.