UNESCO ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების დაცვაზე მუშაობს
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ხორბლის დაცვის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ხატია წილოსანი და იური ნოზაძე ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ისტორიულად, საქართველო ახლო აღმოსავლეთში რბილი ხორბლის წარმოების და მოშინაურების ერთ-ერთი მთავარი კერაა, შესაბამისად, ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების დაცვას, აღდგენას და მსოფლიო მასშტაბით აღნიშნული კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ქართული ხორბლის კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების ნუსხაშია წარდგენილი.
სამუშაო შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების და სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, სამყაროში არსებულ ხორბლის გვარში შემავალ 27 სახეობიდან, საქართველოში გვხვდება და აღწერილია 14 სახეობა: 1. მონოკოკკუმი 2. დიკოკკუმი 3. ტიმოფეევი 4. გეორგიკუმი-პალეოკოლხიკუმი 5. ქართლიკუმი-პერსიკუმი-დიკა 6. დურუმი 7. ტურგიდუმი 8. პოლონიკუმი 9. ტურანიკუმი-ორიენტალე 10. ესტიუმი 11. სპელტა 12. კოპაქტუმი 13. მახა 14. ჟუკოვსკი. რაც შეადგენს სამყაროში ხორბლის გვარში შემავალ სახეობათა 62 %-ს. შესაბამისად მსოფლიოში გავრცელებულ ხორბლის სახეობებშიც 70 % ქართული გენი ძევს. -მათ შორის 5 ენდემური, აბორიგენული სახეობაა:
1.ზანდური,
2.ჟუკოვსკის ხორბალი,
3.მახა,
4.ქართული ასლი,
5.დიკა.
სულ საქართველოში აღწერილია ხორბლის 14 სახეობა, 150-ზე მეტი სახესხვაობა, ფორმა და აბორიგენული ჯიში.
ხორბლის ენდემური სახეობებისა და ფორმების სიმრავლით საქართველოს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.
წყარო: report.ge