როგორ მოხვდა ქართული “ნატახტარი” რომში რუსული ეტიკეტით
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ იტალიაში ქართული წარმოების „ნატახტარის“ ლიმონათი რუსული ეტიკეტით იყიდება, “ნატახტარის” პრესსამსახურმა დაგვიდასტურა.
როგორც report.ge კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ქეთი ჟვანიამ განუმარტა, კომპანია ამ ფაქტში პრობლემას ვერ ხედავს და რეაგირებას არ აპირებს.
მისი თქმით, მართალია, “ნატახტარს” იტალიაში არ აქვს პირდაპირი სადისტრიბუციო ქსელი აწყობილი, თუმცა იქ თავისუფალი ვაჭრობის პირობებიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება მოხვდეს სხვა ქვეყანაში დაექსპორტებული პროდუქტი.
“ვადასტურებთ, რომ ეს ნამდვილად ჩვენი პროდუქტია. მართალია, იტალიაში პირდაპირ დისტრიბუციას არ ვახდენთ, თუმცა თავისუფლად შეიძლება მოხდეს იქ ჩვენი პროდუქტი რუსულენოვანი ეტიკეტით, რომელიც, მაგალითად, განკუთვნილი იყო უკრაინის ან თუნდაც რუსული ბაზრისთვის. ჩვენ არ ვიცით, საიდან მოხვდა რომში ეს პროდუქტი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საგანგაშო არაა და თავისუფლად ჯდება თავისუფალი ვაჭრობის ჩარჩოებში. ჩვენ რუსულენოვანი ქვეყნებისთვის, მაგალითად, უკრაინაში, რუსეთში, ვახდებთ ექსპორტს რუსული ეტიკეტით, არ გამოვრიცხავთ, რომ ამ გზით მოხვდა იტალიაში ეს პროდუქცია”, – განუცხადა report.ge-ს “ნატახტარის” პრესასმახურის ხელმძღვანელმა, ქეთი ჟვანიამ.