მამუკა მდინარაძე: გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციამ დიალოგის ჩასაშლელად გამოიყენა
დიალოგის მთელი ოთხი რაუნდის განმავლობაში ვხედავდით, რომ მათი მიზანი არ იყო კომპრომისზე წამოსვლა და როგორც კი პირველივე საბაბი ნახეს, იმ წუთასვე ააყირავეს მოლაპარაკებების მაგიდა, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ პოლიტიკური კონტენტის შესაქმნელად გამოიყენეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მდინარაძის შეფასებით, ოპონენტებმა გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების პოლიტიზირება დიალოგის ჩასაშლელად გამოიყენეს.
„დარწმუნებული ვარ, ეს არ ყოფილა ერთადერთი გეგმა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ უგულავას მიმართ განაჩენი იქნებოდა გამამტყუნებელი და იმ მოთხოვნის შესაბამისი, რასაც პროკურატურა ითხოვდა 2013 წლიდან, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევისთვის თავისი გეგმა ჰქონდათ და სხვა გამოსავალი არ ქონდათ, იმიტომ, რომ მთელი ოთხი რაუნდის განმავლობაში ვხედავდით, რომ მათი მიზანი არ იყო კომპრომისზე წამოსვლა. ოპონენტებმა გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების პოლიტიზირება დიალოგის ჩასაშლელად გამოიყენეს. ისინი ამბობენ, რომ არ აინტერესებთ სამართლებრივი მხარე, რომ ეს უკვე პოლიტიკაა. სამართლებრივი მხარე იმიტომ არ აინტერესებთ, რომ რაღაცებს იტყუებიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩოს განცხადებასაც გამოეხმაურა.
„დრო და კონტექსტი იყო ძალიან ცუდი, თუმცა, სასამართლოს აქვს თავისი დღის წესრიგი და იმის გამო, რომ საარჩევნო წელია, სასამართლო და სამართალწარმოება გაჩერდეს, ეს იქნება უბედურება და არა ის, რომ სამართალწარმოება მიდის და განაჩენი გამოდის. მერე ვილაპარაკოთ, ეს განაჩენი სად საფუძვლიანია და სად არა, ამაზე ვილაპარაკოთ სამართლებრივ ნაწილში, მაგრამ ის, რომ ვინმემ მოინდომოს მართლმსაჯულების გაჩერება იმიტომ, რომ ახლა საარჩევნო წელია – დაუშვებელია. აპელირებენ იმაზე, რომ სასამართლო თითქოს გავლენის ქვეშ არის და ამ დროს მოგვიწოდებენ, რომ სასამართლო მოვაქციოთ გავლენის ქვეშ. ანუ, დავრეკოთ, ზეწოლა მოვახდინოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.