რატი იონათამიშვილი: შშმ პირთა უფლებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შედეგები თითოეული პირის კეთილდღეობაზე აისახება
“ეს ინიციატივა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პაკეტი, რომელსაც მე-9 მოწვევის პარლამენტში განვიხილავთ ჩვენ,” – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოტანილ საკანონმდებლო ინიციატივას – კანონპროექტს “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ” პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც კანონპროექტის პარლამენტში შემდგომი განხილვის თაობაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
მისი თქმით, ეს ინიციატივა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების ყოველმხრივ დასაცავად ფუნდამენტური რეფორმები განახორციელოს.
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონი ბოლო 20 წელია არ შექმნილა და არ შეგვიცვლია და გაეროს კონვენციის შემდეგ, ჩვენი ვალდებულება იყო ადგილობრივი ეროვნული საკანონმდებლო ბაზის კონვენციის პრინციპებთან და ღირებულებებთან ჰარმონიზაციაში მოსვლა. ეს ინიციატივა და ეს პაკეტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის. ვფიქრობ, ეს ინიციატივა იქნება სამაგალითო მთლიანად რეგიონისთვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სავალდებულო კომიტეტებს გთხოვოთ, იქნებ ოპტიმალურ ვადებში მოხდეს აღნიშნული ინიციატივის განხილვა, ვინაიდან საკმაოდ ვრცელი არის, 27 ინიციატივისგან შემდგარი პაკეტია და თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ყოველდღიურ კეთილდღეობაზე აისახება ამ ინიციატივის შედეგები”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.