„ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართება

10 თებერვალს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  წიგნის „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ წარდგენა გაიმართება და გაიხსნება გამოფენა – „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები.“
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ვახტანგ ღამბაშიძის ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირველ ქართულ უნივერსიტეტთან. მისი ქალიშვილი მედეა ღამბაშიძე იყო 1918 წელს დაარსებული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი.
თავად ვახტანგ ღამბაშიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე უსასყიდლოდ კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში ჰიგიენის ფაკულტეტზე, საქვეყნოდ ცნობილმა ექიმმა კურორტი ცემი დააარსა. მისი მეუღლე ვანდა ღამბაშიძე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ინგლისურ ენაში.
წიგნში გამოქვეყნებულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა მიერ სანატორიუმ „პატარა ცემის“ შთაბეჭდილებათა წიგნში გაკეთებული უნიკალური ჩანაწერების (1904-1946 წწ.) ფოტოასლები, რომელსაც თან ერთვის მათი ბეჭდური ვარიანტი, კომენტარები და საძიებლები. წიგნში მოცემულია, აგრეთვე, რამდენიმე ჩანახატი, მათ შორის ზიგმუნტ ვალიშევსკის „ცემის პეიზაჟი“ და პოიარკოვის „ვახტანგ ღამბაშიძის პორტრეტი.“
წიგნი გამოიცა თსუ-ს წარდგინებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები