მწერალთა სახლში ზურაბ ტუღუშის ახალი პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება

10 თებერვალს, 16:00 საათზე, მწერალთა სახლში ზურაბ ტუღუშის პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „პოეტის სიტყვა“ ზურაბ ტუღუშის  მეორე კრებულია, რომელშიც ახალი ლექსები გაერთიანდა – სამშობლო, ბუნება, სატრფიალო და მიძღვნითი ლექსები, –  ეს ის თემებია, რაც ზურაბ ტუღუშს აღელვებს.
წიგნის რედაქტორია: თამარ შაიშმელაშვილი, მხატვარი – გიორგი ტუღუში, დიზაინერი: ნანა მასურაშვილი.
საღამოზე იგი წაიკითხავს ახალ ლექსებს, სიტყვით გამოვლენ პოეტები და მისი მეგობრები. საღამოს გაუძღვება პოეტი ჯუბა ღებელი.
ნაჩვენები იქნება ნიკო ბაღაშვილის ფილმი-ჩანახატი: „პოეტი ზურაბ ტუღუში – პოეტის სიტყვა“.

რედაქტორის წინასიტყვაობიდან:
„ ტაო-კლარჯეთი, აფხაზეთი, ჰერეთი, სამაჩაბლო… მისი „მე“ შფოთავს, წრიალებს ტერიტორიებდაკარგული მამულის ხილვისას – ვერ გამოვსულვართ ქართვლის ჭირიდანო… პოეტი ხსნის გასაღებს ეძებს:
„აფხაზეთო, შენზე ვდარდობ,
სამაჩაბლო, შეგიყვარე“…
იგი ელოდება იმ წამებს, როცა საბედისწერო მავთულხლართები დაიშლება და საქართველო გამთლიანდება.
„ავაფრიალებ დროშას შინდისფერს,
თუგინდ ვეწიო სიკვდილს ბინდისფერს“.
პოეტს სჯერა, რომ უძველესი ერი – ქართველობა გადარჩება და კვლავინდებურად ძლიერი და ფრთაგაშლილი იქნება, რადგან დღემდე მოვიდა თავისი დიდი კულტურით, ისტორიით, ადათ-წესებით… მას ეამაყება, რომ ვერ გაგვაქრეს ჰაიჰარად, ჟამთა ბრუნვაში გადარჩა „საქართველო, მარგალიტად ასხმული“…
ძნელია დღევანდელობა, მაგრამ ერთად დგომა, გამძლეობა და ძველებური სიმტკიცე-შემართება იხსნის მამულს.
„სხვაგან ლხინსა და მეჯლისებს
მიჭირდეს საქართველოში!“
ეს პოეტის მრწამსია – სამშობლოზე უკეთ ცხოვრების უფლება არავის აქვს!“ (თამარ შაიშმელაშვილი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები