„800 წელზე მეტია, მისი სამშობლო მისტირის დავითის საქართველოს და ნატრობს დავითის მსგავს სამშობლოზე ფანატიკურად შეყვარებულ წინამძღოლს“

8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე ფეისბუქზე სტატუსით – „მესიის მახვილი“ ეხმიანება. 
„8 თებერვალს სრულიად საქართველო აღნიშნავს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. დავით აღმაშენებელი მუდამ ჩვენი თანამედროვეა, მან ჩაიბარა მტერთაგან იავარქმნილი, გაპატრახებული, დამცრობილი, დაშინებული, ეკონომიკამოშლილი, ქაოსში ჩაფლული სამშობლო და 36-წლიანი გონივრული მმართველობით მტკიცე საფუძველი ჩაუყარა დიდ საქართველოს – ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ოვსეთიდან არაგაწამდე.
მან ღირსება დაუბრუნა თავის ხალხს, მისცა უკეთესი ცხოვრების შანსი, არ მოერიდა სახელმწიფო და სასულიერო მმართველობიდან უღირსთა ჩამოშორებას, „უღირსად გამოჩინებულნი განუკვეთნეს და გარდამოსთხივნეს საყდართაგან, დაღათუ არა-ადვილ იყო ესე, რამეთუ იყვნენ კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრნა საყდრები, და სათნონი ღმრთისანი მწყემსნი დაადგინნეს”.
დავითი იყო მმართველი, რომლის პიროვნებაშიც ჰარმონიულად იყო შერწყმული დიდი სულიერება და ერისკაცობა, მას დიდი წარმატებებისა და წინსვლის მიუხედავად, არასოდეს დაუკარგავს თავმდაბლობა, მოყვასის სიყვარული, ამქვეყნიური ცხოვრების წარმავლობის, იმქვეყნიური მარადიულისათვის მზადების განცდა (იხ. მისი „გალობანი სინანულისანი”).
იგი 52 წლის ასაკში აღესრულა და დაიკრძალა გელათში, მის მოკრძალებულ საფლავის ქვას ეს წარწერა ამშვენებს: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე“.
„კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, ამბობს ჩვენი ერი, ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა, აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდბუნებოვანმა კაცმა წაიყოლა სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი“ (ილია ჭავჭავაძე).
რვაას წელზე მეტია მისი სამშობლო მისტირის დავითის საქართველოს და ნატრობს დავითის მსგავს სამშობლოზე ფანატიკურად შეყვარებულ წინამძღოლს“… – წერს სერგო ვარდოსანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები