ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დატბორვასთან დაკავშირებით ქალაქის მერმა განმარტება გააკეთა (ვიდეო)
ზუგდიდის ახლად რეკონსტრუქტირებული ბოტანიკური ბაღის დატბორვასთან დაკავშირებით, ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა.
გიორგი შენგელიას განცხადებით, ბაღში სამუშაოები პროექტის მიხედვით შესრულდა.
“ბოტანიკურ ბაღში,სამუშაოები შესრულდა პროექტის მიხედვით. უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ზოგიერთი მონაკვეთი. ბაღში მოწყობილია ცენტრალური სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები და მოხდება ამ პრობლემური მონაკვეთების მათზე დაერთება, რაზეც ჩვენ დამატებით ვმუშაობთ. საუბარია ბილიკებს შორის ტერიტორიაზე, რომელიც ბილიკების მოწყობის სამუშაოების შედეგად ოდნავ დადაბლდა“, – განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.
ცნობისთვის, ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა. ბაღის რეკონსტრუქცია 2018 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა, მთლიანად ბაღის რეკონსტრუქციის სამუშაოები 12 მილიონი ლარი დაჯდა.