„დრო იწურება განთიადისას“ – 1965 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართება

9 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ არქივში ნელი ნენოვასა და გენო წულაიას მიერ 1965 წელს გადაღებული ფილმის  – „დრო იწურება განთიადისას“ ჩვენება გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის დროს ქართული კინოარქივის არაერთი ნამუშევარი დაიწვა, მათ შორის იყო ფირი ფილმისა – „დრო იწურება განთიადისას“.  ამიტომ იგი მრავალი წელია ფართო აუდიტორიას არ უნახავს. ფილმის ნაწყვეტები ახლახან აჩვენეს არიადნა შენგელაიას „ვარსკვლავის“ გახსნაზე, რამაც კინომცოდნეებისა და კინომოყვარულების დიდი ინტერესი გამოიწვია. ახლახან რუსეთიდან ჩამოიტანეს ფილმის დივიდი ვერსია, რომელსაც ვუჩვენებთ მაყურებელს. ღონისძიებას დაესწრება მერაბ თავაძე.
„დრო იწურება განთიადისას“ გადაღებულია უილიამ აირიშის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. მოქმედება ამერიკაში ვითარდება, სადაც ბედის საძიებლად ჩასული უმუშევარი ტოი დიდ თანხას მოიპარავს, საცეკვაო დარბაზში შესული კი ახალგაზრდა ქალს გაიცნობს.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გადასაღებად “ამერიკა” კინოსტუდიის დიდ პავილიონში აშენდა. გადაღებები ასევე მიმდინარეობდა მოსკოვში. ამერიკული ნაწარმოების ეკრანიზაცია იმდროინდელი ქართული კინოსთვის ერთობ უჩვეულო ამბავი იყო.
ფილმში მთავარ როლებს არიადნა შენგელაია და მერაბ თავაძე ასრულებენ.
რეჟისორები: ნელი ნენოვა, გენო წულაია; სცენარის ავტორები: ნელი ნენოვა, გენო წულაია; ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი; კომპოზიტორი: ოთარ გორდელი; მხატვარი: ალექსანდრე მაკაროვი.
მსახიობები: არიადნა შენგელაია, მერაბ თავაძე, გურანდა გაბუნია, თენგიზ დაუშვილი, ვლადიმერ ცხვარიაშვილი, რევაზ ხობუა.
მის: საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი (პეკინის №40).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები