ხონში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გერასიმე მჟავანაძემ და მანანა გოფოძემ, მერის წარმომადგენლებთან ერთად, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ახალბედისეულის, უძლოურისა და საწულუკიძეოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
ახალბედისეულში მოსახლეობამ პრიორიტეტულ პრობლემად “თხილარას” უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაასახელა. უძლოურის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასრულდება გარე- განათების სისტემის მონტაჟი.
რაც შეეხება სოფელ საწულუკიძეოს, მოსახლეობამ სოფლის ცენტრში არსებულ სკვერში ატრაქციონის განთავსება, “წულაიების” უბანში სკვერის შემოღობვა, “აჭარლების დასახლებაში” გარე- განათების მონტაჟი, “ვეფხია ჯიშკარიანის სახელობის სკვერში” სკამების განთავსება და ე.წ. “ნიგვზის ძირების” ტერიტორიის შემოღობვა გადაწყვიტა.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტისთვის 470 000 ლარია გამოყოფილი. თანხა სრულად მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებსა და მათ მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად დაიხარჯება.