ახალი წიგნის – „უნივერსიტეტის“ წარდგენა გაიმართება
8 თებერვალს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის – „უნივერსიტეტის“ მეხუთე შევსებული გამოცემის წარდგენა გაიმართება.
წიგნის შემდგენელი და ტექსტის ავტორია ზურაბ გაიპარაშვილი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა მკითხველს სთავაზობს „უნივერსიტეტის“ მეხუთე შევსებულ გამოცემას, რომელშიც მოთხრობილია კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია.
ალბომში მოკლედ მოთხრობილია უნივერსიტეტის დაარსების, მისი პირველი პედაგოგებისა და იმ სამეცნიერო სკოლების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
ამ გამოცემაში განსაკუთრებით არის ყურადღება გამახვილებული უნივერსიტეტის დღევანდელ მიღწევებზე, სტუდენტური ცხოვრების სიახლეებზე, საერთაშორისო წარმატებებზე.
ალბომში გამოყენებული დოკუმენტები და ფოტომასალა დაცულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სხვადასხვა კერძო კოლექციაში.