ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და იაპონიის ელჩმა შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ ტადაჰარუ უეჰარასთან შეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული თანამშრომლობა და მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები დადებითად შეაფასეს. მხარეებს შორის მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობას ხაზი გაესვა.
შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას და იაპონიის ბაზარზე ქართული კომპანიების ზრდის მნიშვნელობას დაეთმო.
განიხილეს რამდენიმე ღონისძიება, რომელმაც ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ქართულ ბაზარზე მეტი იაპონური ბიზნესის შემოსვლას ხელი უნდა შეუწყოს.
მხარეები მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.